საერთაშორისო კონფერენცია სტამბულში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო კონფერენცია სტამბულში


2023 წლის 19 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ელისო ჩაფიძემ მონაწილეობა მიიღო სტამბულში გამართულ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში, რომელზეც წარმოდგენილი იყო ახალი კვლევები სოციალური და საგანმანათლებლო მეცნიერებებში.

 

„საგამოძიებო ჟურნალისტიკის ტრანსფორმაცია ციფრულ ეპოქაში“ - ასეთი იყო საკვლევი საკითხი, რომელიც მეხუთე სესიაზე ელისო ჩაფიძემ წარადგინა და ის საგამოძიებო ჟურნალისტიკის სწავლების ახალ მეთოდებს, მონაცემთა ბაზების მნიშვნელობასა და მულტიფუნქციურ ჟურნალისტურ გარემოში ახალ გამოწვევებს ეხებოდა.

 

ელისო ჩაფიძემ თავისი გამოსვლა ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე ომის მსხვერპლებს მიუძღვნა:

 

„დღეს აქ, ამ უძველეს სტამბულში, ცივილიზაციათა გზაგასაყარზე, მსოფლიოს გამოჩენილი მეცნიერები შეიკრიბნენ, რათა კაცობრიობის უკეთეს მომავალზე იმსჯელონ. დიდი მადლობა ინტერესისათვის, რომელიც ჩემმა მოხსენებამ გამოიწვია, ის ციფრულ ეპოქაში საგამოძიებო ჟურნალისტიკის სწავლების მეთოდების ტრანსფორმაციას ეხება.

 

მაგრამ ეს ყველაფერი აზრს კარგავს, როცა მსოფლიო ომის ქარცეცხლშია, როცა ღაზას სექტორში უკვე 11 ჟურნალისტი მოკლეს, კეთილი ნების ადამიანებმა და მსოფლიო დიპლომატიამ ვერაფერი მოიფიქრა უკრაინაში ქალებისა და ბავშვების ჟლეტვის შესაჩერებლად.

 

ამიტომ მე ვიტყოდი, რომ პირველ რიგში ვიბრძოლოთ მშვიდობისათვის, ამ გამოსვლას კი უდანაშაულო, მოკლული ჟურნალისტების, ქალებისა და ბავშვების ხსოვნას ვუძღვნი“.

 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ თურქი, გერმანელი, უკრაინელი, ქართველი, მალაიზიელი და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები. მათი ნაშრომები და საკონფერენციო მასალები კი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში დაიბეჭდება.