2023 წლის 21-22 სექტემბერს გრიგორ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი და ბიზნესინგლისურის ლექტორი, ანა აბესაძე, მთავარ სპიკერად მიიწვიეს ICEESEN –ის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა ინდოეთის ADYPU Innovation University-სა და თურქეთის Erciyes University-ის ორგანიზებით. ICEESEN კონფერენცია, რომელშიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან იღებენ მონაწილეობას, უკვე მესამედ ტარდება ინდოეთში და ეძღვნება გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიის თემას.
ანასთან ერთად მთავარ მომხსენებლად მიწვეული იყვნენ: ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, თინა მაბუგუ, ბოლივიის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი ოსკარ ტეხერინა, აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) ინჟინერი, ჯორჯ სალაზარი.
გრუნის ლექტორი ონლაინ ჩაერთო კონფერენციაში და ისაუბრა პროფესიულ საქმიანობაში კულტურული ინტელექტის გავლენაზე, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური გახდა გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური განვითარების პირობებში. . მან, ასევე, განიხილა ინტერკულტურული განათლების კომპონენტები და აღნიშნული კომპეტენციის განვითარების ეფექტური სტრატეგია.
პრეზენტაციის ბოლოს აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა დაესვა კითხვები და განეხილა მულტიკულტურულ სამუშაო გარემოში ეფექტური კომუნიკაციის საკითხი.