გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი 2022 წლიდან თანამშრომლობს Texas A& M უნივერსიტეტთან და წარმატებით ახორციელებს რამდენიმე პროექტს: საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლების პროფესიული გადამზადების (TESOL), აკადემიური პერსონალისათვის კვლევითი სემინარებისა და „English Language Fellow“-ს პროგრამებს.
TESOL პროგრამის ორი ნაკადის წარმატებით განხორციელების შემდეგ, გრუნი მესამე ნაკადისთვის სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების 12 მასწავლებელს აფინანსებს.
პროგრამის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, აშშ-ის საელჩოს რეკომენდაციით, შეარჩია ინგლისური ენის მასწავლებლები ნინოწმინდიდან, ტყიბულიდან, ქუთაისიდან, მარნეულიდან, ახალქალაქიდან, რუსთავიდან, წალენჯიხიდან, ხარაგაულიდან და პანკისიდან, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისადმი გრუნის კიდევ ერთი უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოხატულებაა.
2023 წლის 5 ოქტომბერს გაიმართა შერჩეული პროფესორ-მასწავლებლების საინფორმაციო ონლაინშეხვედრა ტეხას ა&მ უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მონაწილეებს წარმატება უსურვეს - რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ. საინფორმაციო სესიას უძღვებოდნენ - პროფესორი მეთიუ ეტჩელსი Texas A& M უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორობის დირექტორი და იოკ ჰანსონი, განათლების სკოლის დოქტორანტი და მკვლევარი. შეხვედრას ესწრებოდა წინა ნაკადის წარმატებული კურსდამთავრებული - ნატო ჯავახია, რომელმაც მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს, ასევე, ექნებათ შესაძლებლობა, მიღებული ცოდნა ქართველ მოსწავლეებსა გადასცენ.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა 2022 წლის 31 აგვისტოს გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი Texas A&M-ის უნივერსიტეტთან საგანმანათლებლო საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებისა და აკადემიური განათლების სრულყოფისა და განვითარების მიზნით.