15 სექტემბერს გრუნის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები კერძო სკოლა „ლომისს“ ეწვივნენ და ახალი, 2023-2024, სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს.
„მინდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღი მივულოცო მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი ჩვენს პირველკლასელებს და საინტერესო, დაუვიწყარი წლები ვუსურვო მათ. სკოლა მთელი ცხოვრებაა, ნათელი და საინტერესო, ვუსურვებ მათ წარმატებას სწავლაში, შემოქმედებით ძიებაში, იდეების განხორციელებაში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ყოველთვის დარჩება „ლომისის“ მოსწავლეების მეგობრად და პარტნიორად...“ - მიმართა მოსწავლეებს ბექა კობერიძემ - გრუნის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა.
საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს პირველკლასელებს და კიდევ ერთხელ მიულოცეს სასწავლო წლის დაწყება.
კერძო სკოლა „ლომისი“ ორი წელია გრუნის პარტნიორი სასწავლო დაწესებულებაა, ამ ხნის განმავლობასი უნივერსიტეტმა მოსწავლეებთან ერთად არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა.
თანამშრომლობა გრძელდება!