2023 წლის 10 ივლისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მულტიმედიაცენტრის შემოქმედებითმა სახელოსნომ (ხელმძღვანელი თათია პაჭკორია) შეაჯამა სასწავლო წელი და პროფესორ-მასწავლებლებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე წარადგინა სტუდენტების მიერ შექმნილი წლის ანალიტიკური გადაცემა.
ესპერიმენტულ გადაცემაში 2022 -2023 სასწავლო წლის მნიშვნელოვანი მოვლენები გაშუქდა და მის მომზადებაში გრუნის ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.
გადაცემას საფუძვლად დაედო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების მიერ მთელი წლის განმავლობაში მომზადებული და დამუშავებული ინფორმაცია.
საცდელ გამოშვებას, როტაციის პრინციპით, სამი შემოქმედებითი წყვილი უძღვებოდა. გადაცემაში გამოყენებული იყო ახალი ამბების ყველა ფორმატი.
პირველ სტუდენტურ საინფორმაციო გამოშვებაში, უნივერსიტეტის სამეცნიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებასთან ერთად, გაშუქდა ისეთი თემები, როგორებიცაა: თანამედროვე მედიის გამოწვევები, სიძულვილის ენა, წაშლილი ზღვარი პოლიტიკასა და ჟურნალისტიკას შორის და სხვა აქტუალური საკითხები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეკა შონია და კადრების სამსახურის უფროსი თამარ შუბლაძე, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მათი მშობლები.
უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა სახელოსნოს ხელმძღვანელსა და სტუდენტებს საინტერესო გადაცემის მომზადებისათვის, რომელმაც წარმოაჩინა, არა მარტო უნივერსიტეტის ერთი სასწავლო წლის მეტად რთული და ღონისძიებებით დატვირთული საგანამანათლებლო პროცესი, არამედ სტუდენტების სასწავლო-პრაქტიკული საქმიანობაც. რექტორმა აღნიშნა, რომ გრუნის, როგორც თანამედროვე უნივერსიტეტის, მახასიათებელი სწორედ ის არის, რომ აქ სტუდენტები პირველივე კურსიდან ეუფლებიან ჟურნალისტიკის მეტად რთულ პროფესიას და ითვისებენ ყველა იმ პრაქტიკულ უნარ-ჩვევას, რომელიც მათ, როგორც პროფესიონალებს, უდავოდ გამოადგებათ.
გადაცემამ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის - ეკა შონიას, დიდი მოწონება დაიმსახურა, ხაზგასმით აღინიშნა, რომ სტუდენტები მუშაობდნენ, როგორც პროფესიონალი ჟურნალისტები და თვალსაჩინოა, რომ ეს ყოველივე დიდი ძალისხმევისა და შრომის შედეგია.
ჩვენების სპონსორი: კომპანია „CBM - 47” დამფუძნებელი, შეფილდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა ბიზნესმენი - ნიკოლოზ ჯანჯღავა, რომელმაც გადაცემა უახლესი ტექნოლოგიის - ჭკვიანი დაფის, საშუალებით წარმოადგინა.
პროექტის იდეის ავტორი: გრუნის მულტიმედიაცენტრისა და სატელევიზიო სახელოსნოს ხელმძღვანელი თათია (მაია) პაჭკორია;
ოპერატორები: კონსტანტინე ნინუა (ხელმძღვანელი), სტუდენტები: თიკო ლომსაძე, სანდრო ბრაგვაძე, გიორგი ანანიაშვილი;
ვიდეომონტაჟი და კომპიუტერული უზრუნველყოფა: რატი ებიტაშვილი (ხელმძღვანელი), სტუდენტები: ქეთევან ჯოჯუა, ირინა ნასყიდაშვილი, გიორგი მორჩილაძე, კესო მანჩხაშვილი, ნათია ჭოტაშვილი.