2023 წლის 23 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტებმა სასწავლო კურსების ფარგლებში გაწეული პრაქტიკული საქმიანობის შედეგები შეაჯამეს და შესრულებული ნაშრომები: სტუდენტური გაზეთი, ფოტოგამოფენა და მულტიმედიაპროდუქტები, პროფესორ-მასწავლებლებს, მოწვეულ სტუმრებსა და მეგობრებს წარუდგინეს.
მედიაპროექტების წარდგენის საზეიმო ცერემონიაზე ახალგაზრდებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს ის განცდა, ემოცია, რომლითაც იქმნებოდა თითოეული ნამუშევარი და ის გამოცდილება, რომელიც შეიძინეს მუშაობის პროცესში: „საერთო საქმეზე მუშაობას ერთი პრიორიტეტი აქვს: სხვების მოსმენას, გათვალისწინებასა და მათ ენაზე საუბარს ეჩვევი... მუშაობის პროცესში შენც იცვლები, უკეთესი და უკეთესი ხდები, საკუთარ შეცდომებს აანალიზებ და უკვე მითითებამდევე ხვდები, რა გაქვს გამოსასწორებელი“ -აღნიშნა მესამეკურსელმა სტუდენტმა თათია მექერიშვილმა.
„პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება პროგრამის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, რომელიც, თეორიულ სწავლებასთან ერთად, დიდ როლს ასრულებს სტუდენტი - ჟურნალისტების დაოსტატებაში. 4 წლის განმავლობაში ახალგაზრდები იძენენ ფასდაუდებელ პრაქტიკულ გამოცდილებას და სხვადასხვა სასწავლო კურსის ფარგლებში ქმნიან საკუთარ პორტფოლიოს, რაც, სამომავლოდ, მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს“- განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ.
მოწვეულმა სტუმრებმა: გია გორგოძემ, მანანა კარტოზიამ, იური მეჩითოვმა და სხვა სტუმრებმა დადებითად შეაფასეს სტუდენტების ნამუშევრები და შემდგომი წარმატება უსურვეს თითოეულ მათგანს.