პროექტი „ბავშვები თანასწორობისათვის“ საზეიმოდ დაიხურა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროექტი „ბავშვები თანასწორობისათვის“ საზეიმოდ დაიხურა


2023 წლის 17 ივნისს საზეიმოდ დაიხურა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ერთობლივი პროექტი „ბავშვები თანასწორობისათვის“.

 

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეების დახმარებას თანასწორობის უფლების არსის გააზრებაში, თანასწორობის უფლების დაცვისა და განვითარების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობასა და ამით ამ უფლების განტკიცებას საზოგადოებაში.

 

პროექტი ორ თვეს და რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა, რომელშიც თბილისისა და რეგიონების 600-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.

 

მოსწავლეების მიერ მომზადებულ პროექტებში სხვადასხვა ასპექტით მოცემული იყო მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, მოხალისეობრივი საქმიანობა, ადამიანებზე, საზოგადოებასა და სამშობლოზე ზრუნვა.

 

საგანგებოდ შექმნილმა კომისიამ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, გამოავლინა 3 საუკეთესო პროექტი:

 

1. „უთანასწორობით გამოწვეული საგანამანათლებლო პრობლემები რეგიონებსა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე“

(ანა შამათავა, ნინი ქათამაძე - სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებელი სკოლა-გიმნაზიის მე-12 კლასის მოსწავლეები);

 

2. ფორუმ-თეატრი „მომავალი ძალადობის გარეშე“

(სესილი დავლაძე, მარიამ შარაშენიძე - ზესტაფონის №5 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ.კვალითის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე);

 

3. „ჩვენ ვირჩევთ თანასწორობას“

(სალომე ხურცილავა, მარიამ დათიაშვილი - რუსთავის მე-18 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები).

 

პროექტის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის ხელმძღვანელმა მერი ლომიამ შეაჯამა შედეგები, ხოლო რექტორის მოადგილემ გიორგი მირიანაშვილმა და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცე პრეზიდენტმა სოფო კილაძემ დაასახელეს გამარჯვებული პროექტები და მათ ავტორებს გადასცეს პრიზები.

 

უნივერსიტეტის გადაწყვეტილებითა და ფინანსური მხარდაჭერით, გამარჯვებული მოსწავლეები 2023 წლის 11-15 ოქტომბერს გაემგზავრებიან ბელგიაში, ეწვევიან ბრიუსელსა და ბრიუგეს, ევროკავშირის სტრუქტურებსა და ნატოს შტაბ-ბინას, შეხვდებიან ევროპარლამენტარებსა და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებაში.

 

პროექტის ყველა მონაწილემ მიიღო გრუნის 20%-იანი სასწავლო გრანტი და პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 

ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის უნივერსიტეტმა მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატები გადასცა: სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებელი სკოლა-გიმნაზიის , რუსთავის მე-18 საჯარო სკოლის, სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესის“, ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორებსა და ზესტაფონის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელს.