2023 წლის 5 ივნისს, სამართლის სკოლის მოწვევით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს სტუმრობდა სამართლის დოქტორი, პროფესორი გია ხუბუა.
სტუდენტებთან შეხვედრაზე მან წაიკითხა საჯარო ლექცია „სამართლიანობა, როგორც განაწილების პრინციპი“, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები.
ძირითადი თეზისები, რომელიც პროფესორმა განავრცო და განმარტა, გახლდათ:
- სამართლიანობის არსი და მნიშვნელობა;
- სამართლიანობის ძირითადი სახეები;
- სამართლიანობისა და თანასწორობის ურთიერთმიმართება;
- ინდივიდის თავისუფლების სფერო და სახელმწიფო;
- ეკონომიკური თანასწორობა და სხვა საკითხები.
ლექციაზე პროფესორმა, ასევე, მიმოიხილა გახმაურებული სამართლებრივი საქმეები და უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.
საჯარო ლექციამ ახალგაზრდების დიდ დაინტერესება გამოიწვია.
შეხვედრის დასასრულს პროფესორმა ლექცია შეაჯამა არისტოტელეს გამონათქვამით: „ჩვენ სამართლიანი ვართ, როდესაც სამართლიანად ვიქცევით; მიმტევებელი ვართ, როდესაც მივუტევებთ; გმირი ვართ, როდესაც გმირობას ჩავდივართ“.
უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა სტუმარს საინტერესო ლექციისათვის.
გიორგი ხუბუა, სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი.
არის 80-ზე მეტი ნაშრომის, მათ შორის, სახელმძღვანელოების, სამეცნიერო მონოგრაფიების, კონსტიტუციის კომენტარების ავტორი, ქართული და უცხოური სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიების წევრი და რედაქტორი.