გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ და თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ უმასპინძლეს.
გივი მიქანაძემ სტუდენტებს გააცნო საპარლამენტო საქმიანობა, საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლის წესთან დაკავშირებული დეტალები და აღნიშნა, რომ 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან სტაჟიორებს საჯარო უწყებებში საქმიანობის პერიოდი სამუშაო სტაჟად ჩაეთვლებათ.
საერთაშორისო საპარლამენტო ურთიერთობებზე საუბრისას გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ვატიკანსა და საქართველოს შორის სამეცნიერო-კვლევით თანამშრომლობას და სტუდენტებს აცნობა, რომ იგეგმება საქართველოს პარლამენტისა და ვატიკანის ბიბლიოთეკებს შორის მემორანდუმის გაფორმდება, რომლის საფუძველზეც ქართველი მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის გაიხსნება ვატიკანის ბიბლიოთეკის საცავები, რაც უმნიშვნელოვანესია კვლევითი საქმიანობის საწარმოებლად.
სტუდენტებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სტრუქტურასა და საქმიანობაზე ესაუბრა გიორგი ჩაკვეტაძე. დეპუტატმა სტუდენტებს კომიტეტის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი თემატური მოკვლევის, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოებისა და საზედამხედველო ინსტრუმენტის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.
შეხვედრის შემდგომ სტუდენტებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.