გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლების სტუდენტებს უმრავლესობის ლიდერმა, პროფესორმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტში უმასპინძლა.
სტუდენტებთან შეხვედრაზე უმრავლესობის ლიდერმა განიხილა ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, ისაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მხარდაჭერით ხელმოწერილი შეთანხმებისა და მხარეთა მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ. ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიმდინარე ომზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ამ მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუდენტები გაეცნენ საქართველოს პარლამენტის საქმიანობის სპეციფიკას, მოისმინეს ინფორმაცია ქართული პარლამენტარიზმის ისტორიის შესახებ, დაათვალიერეს პარლამენტის შენობა და დაესწრნენ პარლამენტის პლენალურ სხდომას.