2023 წლის 20 მაისს გრუნის ბათუმის წარმომადგენლობის ტურიზმის მიმართულების სტუდენტები ასოცირებულ პროფესორ ერეკლე უღრელიძესთან ერთად მონაწილეობდნენ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის XIV საერთაშორისო გამოფენის - EBIT 2023- მუშაობაში.
EBIT 2023-ის მიზანი იყო ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება, ინოვაციებისა და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ბიზნესკონტაქტების მოძიება და სამომავლოდ საქმიანი ურთიერთობების დაგეგმვა.
საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას იღებდა 85-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია, კერძოდ: ტურისტული კომპანიების, სასტუმროებისა და რესტორნების, სასტუმრო აღჭურვილობის მომწოდებლების, დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრების, დაცული ტერიტორიების, ღვინის მწარმოებელი კომპანიების, სადაზღვევო და სატრანსპორტო კომპანიების, მუნიციპალიტეტების, ტურიზმის დეპარტამენტებისა და ასოციაციების წარმომადგენლები. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა სახის ღონისძიება და მასტერკლასი.
საერთაშორისო გამოფენაზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი წარმოდგენილი იყო, როგორც პარტნიორი, რომელსაც მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციასთან (TIFA-ს).
TIFA ხელს უწყობს უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმებას, პროფესიული პრაქტიკის განხორციელებასა და შესაბამისად, პრაქტიკული უნარების განვითარებას.
სტუდენტებისთვის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილებაა. ისინი გაეცნენ ამგვარი გამოფენების მომზადებისა და გამართვის სპეციფიკასა და ტურისტული პროდუქტის წარმოდგენის ტექნოლოგიას.