გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტები: მიხეილ მაისურაძე, ქეთი ფხალაძე, ლუკა ჩხენკელი, სოფო დათუკიშვილი, მარიამ ბექოშვილი, ჰარვარდის ბიზნესსკოლის ქეისების ანალიზის კონკურსში მონაწილეობენ.
ჰარვარდის ბიზნესქეისების რიგით მეოთხე კონკურსი TBSC Consulting-ისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროექტი და საქართველოში ბიზნესფაკულტეტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სტუდენტებში კრიტიკული აზროვნებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებას. თითოეული გუნდი მონაწილეობს თავისი უნივერსიტეტის სახელით და კონკურსის განმავლობაში მუშაობს ჰარვარდის ბიზნესქეისებზე. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მოირგონ მენეჯერულ პოზიციაზე გადაწყვეტილების მიმღები პირის როლი. მონაწილეებს აფასებენ მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი მენეჯერები.
შეჯიბრება 3 ეტაპად იმართება, გრუნის სტუდენტებმა წარმატებით დაძლიეს ღია რაუნდი და გადავიდნენ ნახევარფინალში, ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ კონკურსის შემდგომ ეტაპებზე.
უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და კონკურსში მონაწილეობის გამოცდილება ახალგაზრდებს უდავოდ დაეხმარებათ პროფესიულ განვითარებაში.