პირველი რეგიონული ჟურნალი სამართლის საკითხებს მიეძღვნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პირველი რეგიონული ჟურნალი სამართლის საკითხებს მიეძღვნა


25 აპრილს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა პირველი რეგიონული ჟურნალის - „სამართლის აქტუალური საკითხები“, პრეზენტაცია.

 

აკადემიური ჟურნალი მომზადდა საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტების - გრიგოლ რობაქიძის სახელობის, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო პედაგოგიური, საქართველოს ეროვნული, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო, კავკასიისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის უნივერსიტეტების თანამშრომლობის შედეგად. მისი მიზანია რეგიონებში იურიდიული განათლების, მეცნიერების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერების წახალისება და მხარდაჭერა.

 

ჟურნალის პირველ ნომერში, რომელიც USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გამოიცა, გამოქვეყნებულია სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, მათ შორის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორებისა და დოქტორანტების სამეცნიერო სტატიები.

 

პრეზენტაციაზე ჟურნალის რედაქტორმა, გრუნის რექტორის მოადგილემ, სამართლის დოქტორმა, პროფესორმა გიორგი მირიანაშვილმა ისაუბრა ჟურნალის მნიშვნელობისა და დანიშნულების შესახებ, განსაკუთრებით რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებისა და ახალგაზრდა მკვლევრების პროფესიული ზრდის თვალსაზრისით. მან მადლობა გადაუხადა კოლეგებსა და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელს გიორგი ჩხეიძეს პროექტის ერთობლივად განხორციელებისა და მხარდაჭერისათვის.

 

„ამგვარი გამოცემები ხელს უწყობს სამართლის პროფესორების, მკვლევრებისა და სტუდენტების ინტერაქციას და დისკუსიას სამართლის სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხზე. ამიტომ მსგავსი პროექტების მხარდაჭერა ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს... გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ ამ მიმართულებით განხორცილებული პროექტები და აქტივობები უდავოდ მნიშვნელოვანია და იმსახურებს ყურადღებას...“ - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ.

 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრები და პირველ გამოცემაში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიების ავტორები, სტუდენტები, გრუნის პროფესორ-მასწავლებლები.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა მიიღეს ჟურნალის პირველი გამოცემა.