2023 წლის 17 მარტს, ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტების თხოვნით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ეწვია ცნობილი ფსიქოლოგი, კომუნიკაციური უნარების მართვის ექსპერტი ზურაბ მხეიძე.
ინტერაქციურ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ გრუნის სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, მოწვეულმა სტუმარმა წარმოადგინა პრეზენტაცია: „მანიპულაცია კომუნიკაციის პროცესში“, „ურთიერთობა დამსაქმებელთან“ და ისაუბრა გამოყენებითი ფსიქოლოგიის ისეთ საკითხების შესახებ, რომლებიც ახალგაზრდებში ძალიან პოპულარულია: ბავშვობის ასაკში მიღებული ტრამვების, სხვადასხვა შიშსა და კომპლექსთან გამკლავების, ადამიანის ზოგადი მოთხოვნილებების, თავისუფლების აღქმის, სოციუმში სწორი კომუნიკაციის, ნდობის დეფიციტისა და სხვა საკითხების შესახებ.
ცნობილი ფსიქოლოგის საპრეზენტაციო სიტყვის შემდეგ შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ზურაბ მხეიძე ჩვეული პროფესიონალიზმითა და პირდაპირობით შეეცადა მომავალი თაობისთვის აეხსნა მთავარი გამოწვევების არსი და განევრცო საინტერესო და აქტუალური თემები, ასევე, მიეცა რჩევები ახალგაზრდებისათვის როგორც პირადი განვითარების, ისე კარიერული წინსვლის შესახებ, რაც უდავოდ დაეხმარება მომავალ თაობას პროფესიულ წინსვლაში.