2022 წლის 24-25 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა უნივერსიტეტის დაარსების 30- წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,საქართველოს მდგრადი განვითარების პერსპექტივები გლობალური გამოწვევების ფონზე: პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი ასპექტები.“
პირველი სამუშაო დღე განკუთვნილი იყო დოქტორანტთა, მეცნიერ-თანამშრომელთა, აკადემიური პერსონალის, მკვლევრების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის, ხოლო მეორე დღე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთათვის.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: გერმანიის, თურქეთის, ამერიკისა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პირები და მეცნიერები, რომლებმაც წარმოადგინეს საინტერესო ნაშრომები და კვლევები, ისაუბრეს ამა თუ იმ სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. კონფერენცია სულ 9 სამუშაო სესიისგან შედგებოდა.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ამირან მესხიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.
კონფერენციის ძირითად ნაწილს უძღვებოდნენ: რექტორის მოადგილე სამეცნიერო-კვლევით მიმართულებით, პროფესორი ვახტანგ ჭარაია, გერმანიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და გამოყენებითი მეცნიერებების პროფესორი მუჰამედ აშფაქი და ,,ლიბრა ალიანსის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, პროფესორი მეჰდი მაჯიდი, რომელმაც მოხსენება წარადგინა თემაზე ,,მდგრადი განვითარება და ქართული პერსპექტივა.“
კონფერენციაზე წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები განიხილავდა შემდეგი მიმართულებების საკითხებს: ბიზნესი - მენეჯმენტი, ფინანსები, ტურიზმი, ელექტრონული სისტემები ბიზნესში; სამართალი, მედიცინა, საჯარო მმართველობა - ცენტრალური და მუნიციპალური მართვა, უსაფრთხოება და მართვა, ელექტრონული სისტემები და მმართველობა; პოლიტიკა და კულტურა; დიპლომატია და პრაქტიკა.
კონფერენციას მოდერაციას უწევდა ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტური მხარდაჭერის საკითხებში გულო თურმანიძე.
კონფერენციის მასალები გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე კრებულის სახით და ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და მოეწყო გასვლითი ტური შავ-ზღვაში.