წარმატებით დასრულდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტის - თორნიკე მერებაშვილის, კვლევითი ვიზიტი სლოვაკეთის იან კომენსკის უნივერსიტეტში, რომელიც გრუნის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის ხელშეწყობითა და უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ვიზიტის ფარგლებში დოქტორანტმა მოისმინა სპეციალურად მისთვის შემუშავებული სასწავლო კურსი, რომელსაც, ასევე, ესწრებოდნენ საფრანგეთის, გერმანიის, ჩრდ. მაკედონიის უნივერსიტეტების სტუდენტები.
კველევითი მივლინების ფარგლებში მეტად საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა: კომენსკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და ცალკეული დეპარტამენტების ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის: ადმინისტრაციული და გარემოს დაცვის სამართლის დეპარტამენტის უფროსთან, პროფესორ მარიან ვრაბკოსთან, ამავე დეპარტამენტის უკრაინელ პროფესორთან იულია ვაშჩენკოსთან და ასისტენტ პროფესორებთან: ლუდოვიტ მაჩაისა და ვერა იაკუშოვასთან. სწორედ ლუდოვიტ მაჩაიასაგან, რომელიც მიწის სამართლის სპეციალისტია, მიიღო თორნიკე მერებაშვილმა წერილობითი თანხმობა სადისერტაციო თემის თანახელმძღვანელობის თაობაზე. მასთან, ასევე, მიღწეულია შეთანხმება, მიწის სამართალთან დაკავშირებულ საკითხებზე გრუნის სამართლის სტუდენტებისათვის საჯარო ლექციის წაკითხვის თაობაზე. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა ვიცე - დეკანთან, დოქტორ მაროშ პავლოვიჩთან და დოქტორანტ ლუცია ფილაგოვასთან, რომელიც საკადასტრო სამსახურის წარმომადგენელია.
თორნიკე მერებაშვილმა საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსთან - მიხაელა კრესცანკოვასთან, შეხვედრისას განიხილა რობაქიძისა და კომენსკის უნივერსიტეტების შემდგომი თანამშრომლობის, ასევე, გრუნიში მიწის სამართლის კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბების საკითხები. მხარეებმა იმსჯელეს სამომავლოდ მემორანდუმის გაფორმების მიზანშეწონილობაზეც.
ამასთან ერთად, გრუნის დოქტორანტს მიეცა შესაძლებლობა, დაეთვალიერებინა კომენსკის უნივერსიტეტის სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცე, ესარგებლა საბიბლიოთეკო მომსახურებით. მისი ინიციატივით, რამდენიმე უცხოენოვანი ლიტერატურა გადაეცა გრუნის ბიბლიოთეკას. ვიზიტი მოიცავდა სტუმრობას სლოვაკეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშიც.
თორნიკე მერებაშვილმა, კომენსკის უნივერსიტეტში ხელმისაწვდომი სამეცნიერო ნაშრომებისა და უცხოელი კოლეგებისგან მიღებული დამატებითი ინფორმაციის საფუძველზე, თავის სადისერტაციო ნაშრომს ახალი თავები შემატა და დაიწყო ფიქრი მიწის სამართლის, როგორც სასწავლო დისციპლინის, მოდერნიზებაზე.
სლოვაკური მხარის ინიციატივით, მერებაშვილის სამეცნიერო ნაშრომის დაცვის შემდგომ, მისი განხილვა ასევე მოხდება კომენსკის უნივერსიტეტის შესაბამის კათედრაზე. დოქტორატი უცხოელ კოლეგებთან ერთად უკვე შეუდგა მუშობას ახალ სამეცნიერო სტატიაზე. 2023 წლის მაისში დაგეგმილია მისი მორიგი ვიზიტი კომენსკის უნივერსიტეტში და გრუნის სახელით საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლა.