გაცვლითი პროგრამები და სასწავლო სტიპენდიები, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდაჭერისა და სტუდენტთა გაძლიერებისაკენ მიმართული საერთაშორისო და რეგიონული პროექტები - ასეთია გრუნისა და ფრანგული უნივერსიტეტების: ნანტის, ლილის, სიანს პო რენის - თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი ისტორია, რომლის ფარგლებშიც გრუნის ორასამდე სტუდენტი ინგლისური და ფრანგული ენების გამოყენებით ეზიარა ფრანგულ საგანმანათლებლო სკოლას, მიიღო გამოცდილება, გაიცნო ეს ქვეყანა და მისი კულტურა.
2022 წლის სექტემბრიდან გრუნი საფრანგეთის რენის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კონსორციუმს შეუერთდა, რომელშიც გაერთიანებული 5 ქართული უნივერსიტეტიდან მხოლოდ გრუნია კერძო საგანამანათლებლო დაწესებულება.
2023 წლის 2 მარტს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს, როგორც გამორჩეულ პარტნიორს, ეწვივნენ ფრანგი სტუმრები რენის უნივერსიტეტიდან: მურიელ ისლერი - საერთაშორისო ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი; ალექსანდრა რიხტერი - საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე; იოლეინ ბომპეი - კოოპერაციისა და პროექტების განყოფილების დირექტორის მოადგილე; ასევე, ევა ბერტრანი - ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორი; ნათია მსხალაძე - კამპუს ფრანსის წარმომადგენელი საქართველოში.
სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო გარემო, ლაბორატორიები, რომლის შემდგომაც აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები.
გრუნის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა ფრანგ სტუმრებს მრავალწლიანი პარტნიორობისა და ერთობლივად განხორციელებული პროექტებისათვის; კამპუს ფრანსის წარმომადგენელს საქართველოში, ნათია მსხილაძეს, კი გადასცა მადლობის წერილი ფრანგულ პროექტებში გრუნის სტუდენტების მონაწილეობის ხელშეწყობის გამო.
შეხვედრაზე სამართლის მაგისტრატურის სტუდენტმა ელენე სვანიძემ, რომელიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი წელი სწავლობდა სიანს პო რენის უნივერსიტეტში, ქართულ-ფრანგულ ენებზე მიმართა დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა ორივე უნივერსიტეტს გამოჩენილი მხარდაჭერისა და ძალისხმევისთვის, რაც მის პროფესიულ და პიროვნულ ზრდა - განვითარებას უდავოდ შეუწყობს ხელს. ელენეს ფრანგულმა სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის კამპუსისა და ბათუმის წარმომადგენლობის აკადემიური და მოწვეული პერსონალი.