TESOL პროგრამა გრძელდება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


TESOL პროგრამა გრძელდება


ტეხასის ა&მ-ის უნივერსიტეტთან ერთად საპილოტე TESOL პროგრამის წარმატებულად განხორციელების შემდეგ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა მეორე ნაკადისთვის გააორმაგა მონაწილეთა რაოდენობა.

 

TESOL პროგრამა ითვალისწინებს გრუნის პროფესორ-მასწავლებლებისა და საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლების პროფესიულ გადამზადებას.

 

პროგრამაში მონაწილეობისათვის გრუნიმ შეარჩია პროფესორ-მასწავლებლები, როგორც თბილისის, ისე ბათუმის წარმომადგენლობიდან, ასევე, ლაგოდეხის, ხაშურის, ხულოს, დუშეთის, საგარეჯოსა და ფოთის საჯარო სკოლებიდან, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისადმი გრუნის კიდევ ერთი უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოხატულებაა.

 

2023 წლის 17 თებერვალს გაიმართა შერჩეული პროფესორ-მასწავლებლების საინფორმაციო ონლაინშეხვედრა ტეხას ა&მ-ის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრაზე მონაწილეებს წარმატებები უსურვა რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ. საინფორმაციო სესიას უძღვებოდა პროფესორი მეთიუ ეტჩელსი, საერთაშორისო პარტნიორობის დირექტორი, პროფესორი ერინ სინგერი, სასწავლო გეგმის, ინსტრუქციების სწავლების და ქოუჩინგის აკადემიის დირექტორი და TESOL პროგრამის (CRDLLA) წამყვანი კოორდინატორი და განათლების სკოლის დოქტორანტი და მკვლევარი, იოკ ჰანსონი.

 

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს, ასევე, ექნებათ შესაძლებლობა, მიღებული ცოდნა ქართველ მოსწავლეებსა და სტუდენტებს გადასცენ.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა 2022 წლის 31 აგვისტოს საგანმანათლებლო საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებისა და აკადემიური განათლების სრულყოფისა და განვითარების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა Texas A&M-ის უნივერსიტეტთან. თანამშრომლობის ფარგლებში, დაწყებულია მუშაობა ორ პროგრამაზე, TESOL - ინგლისური ენის სპეციალისტების პროფესიულ გადამზადებას და კვლევითი სემინარების სერია “Paths to Publication”.