TESOL პროგრამის დასრულების ცერემონიალი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


TESOL პროგრამის დასრულების ცერემონიალი


წარმატებით დასრულდა ტეხას ა&მ უნივერსიტეტისა და გრუნის პირველი საპილოტე TESOL პროგრამა.

 

3-თვიანი კურსი, რომელსაც ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრი უწევს ადმინისტრირებას, ინგლისური ენის სპეციალისტების პროფესიულ გადამზადებას ისახავს მიზნად. პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, განაახლონ ცოდნა სწავლების საუკეთესო მეთოდებისა და პრაქტიკის გაცნობით და შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარება მათ, ასწავლონ ინგლისური ენა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, როგორც ფიზიკურად, ისე ვირტუალურად.

 

უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გრუნის 3 პროფესორ-მასწავლებლის გარდა (თბილისი, ბათუმი) საპილოტე პროგრამაში მონაწილეობდა საჯარო სკოლის 2 (თელავი, ტყიბული) მასწავლებელი, რაც უნივერსიტეტის მიერ საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის პრაქტიკული გამოხატულებაა.

 

პროგრამას გრუნის მხრიდან კოორდინირებას უწევდა რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე.

 

2023 წლის 31 იანვარს უნივერსიტეტში გაიმართა TESOL-ის პირველი კურსის დასრულების საზეიმო ცერემონია, რომელშიც მონაწილეობდნენ: საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები: კულტურის ატაშე კრისტიან ანდერსონი და ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი - ლიკა გუმბერიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე, ხოლო ონლაინ - ტეხას ა&მ უნივერსიტეტის ხელმძღვანელები: პროფესორი ბევერლი ირბი, განათლებისა და კვლევის სკოლის დეკანის მოადგილე; პროფესორი რაფაელ ლარა-ალესიო, კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორი; პროფესორი ერინ სინგერი, ტესოლ და მოოპილ პროგრამების კოორდინატორი და პროფესორი მეთიუ იჩელსი, საერთაშორისო პარტნიორობის დირექტორი.

 

უნივერსიტეტის რექტორის - მამუკა თავხელიძის, შეფასებით: „პროექტი მრავალმხრივი და უნიკალურია, რადგან გულისხმობს არა მხოლოდ ინგლისური ენის სწავლების გაუმჯობესებას, არამედ ერთობლივ სამეცნიერო კვლევებსაც. ტეხას ა&მ უნივერსიტეტთან დაწყებული თანამშრომლობა ახალი სიტყვა იქნება საგანმანათლებლო სივრცეში...“

 

ამ თანამშრომლობას მნიშვნელოვანი უწოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა: „...ინტერნაციონალიზაციის პროცესი, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარეობს, სწორედ ასეთი პროექტების მეშვეობით ძლიერდება და ვითარდება...“

 

ტეხას ა&მ უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს ქართველების წარმატებული მონაწილეობა პროექტში და შემდგომი წინსვლა უსურვეს თითოეულ მათგანს.

 

ცერემონიის დასასრულს კურსდამთავრებულებმა მადლობა გადაიხადეს ამ შესაძლებლობისათვის, თითოეულს გადაეცა სერტიფიკატი.

 

პროგრამის კურსდამთავრებულები მიღებულ ცოდნას ქართველ მოსწავლეებსა და სტუდენტებსაც გაუზიარებენ.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში გრუნი განაგრძობს თანამშრომლობას ტეხას ა&მ უნივერსიტეტთან. მიმდინარე ნაკადში ინგლისური ენის 10 პედაგოგი ჩაერთვება, მათ შორის, 4 - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან (თბილისი,ბათუმი) და 6 სხვადასხვა რეგიონის სკოლებიდან.