პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტი - გრუნის პარტნიორი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტი - გრუნის პარტნიორი


საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - მაკა ბოჭორიშვილი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრა და ხელი მოაწერა კომიტეტსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ერთობლივი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა პროექტების განხორციელების მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

 

აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან შეხვედრისას მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკაზე, ისაუბრა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და პერსპექტივებზე, უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე, ისაუბრა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობასა და მის როლზე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.

 

​„საქართველო არის ევროპული ფასეულობების ქვეყანა. ჩვენი ქვეყნის იდენტობა, ისტორია და კულტურა საუკუნეების მანძილზე მჭიდროდ იყო დაკავშირებული ევროპასთან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ევროპულ ოჯახში, მომავალშიც ღირსეული ადგილი ეკავოს“ - აღნიშნა შეხვედრისას მაკა ბოჭორიშვილმა.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელთანაც მაკა ბოჭორიშვილის მოღვაწეობის პერიოდში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.