20 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, დოქტორ ღასან ხალილი ეწვია.
შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ: რექტორის მოადგილეები - გულიკო გალდავა და გიორგი მირიანაშვილი, რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე და სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსი მერი ლომია, განიხილეს ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხები, უნივერსიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა და შემდგომი თანამშრომლობის დეტალები.
აღინიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში უნივერსიტეტი ამ მიმართულებით მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა, გამოიცა სახელმძღვანელოები, ჩატარდა კონფერენციები, კონკურსები, საზაფხულო სკოლა და სხვა. სულ ახლახან უნივერსიტეტმა კიდევ ერთი პროექტი - „ბავშვები თანასწორობისათვის“, შესთავაზა მოსწავლეებს.
დოქტორ ღასან ხალილის შეფასებით, ამ სფეროში წარმატებული საქმიანობის გამო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი შეიძლება განხილულ იქნეს როგორც მოდელი სხვა კერძო უნივერსიტეტებისათვის.
შეხვედრაზე ისაუბრეს იმ გამოწვევების შესახებაც, რომლებიც ეთნიკურად მცირერიცხოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ცოდნას უკავშირდება, განიხილეს ერთობლივი კონფერენციების, პროექტების განხორციელების შესაძლებლობები, მათ შორის, სტუდენტების სტაჟირება იუნისეფის საქართველოს წარმომადგენლობაში.
დოქტორ ღასან ხალილმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტს საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის კურსდამთავრებულის - ლილი სალაძის, გამო, რომელიც დღეს წარმატებით საქმიანობს იუნისეფის საქართველოს წარმომადგენლობაში.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების თაობაზე.