გამოიცა გრუნის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის სასწავლო გაზეთ „ალმა მატერი“-ს მორიგი ნომერი, რომლის წარდგენა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყო.
საინტერესო რუბრიკები და თითოეულის მიერ განცდილი ამბები - რუსეთ-უკრაინის ომის, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის, სტუდენტი დედების, „ონლაინრეჟიმში ჩამწყვდეული სემესტრის“, ომში დაღუპული უცნობი ჯარისკაცებისა დ თუ სხვა აქტუალური საკითხების შესახებ, ამშვენებს ამ გამოცემას.
სტუდენტების შეფასებით, გაზეთზე მუშაობამ თითოეულ მათგანს დიდი გამოცდილება შესძინა, პროფესიულად გაზარდა და აგრძნობინა ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჟურნალისტის პროფესიას უკავშირდება:
ანა ურდულაშვილი: „იმ ეპოქაში, სადაც ტელევიზია პრიორიტეტად გვიქცევია, ეკრანს მივჩერებივართ, ინტერნეტს გამოვკიდებივართ, ყველამ უნდა იცოდეს, რა უპირატესობა აქვს ბეჭდურ მედიას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ტექსტზე მუშაობა პროფესიის საფუძველია, რომელიც ყველა ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს, რომელ მედიაშიც არ უნდა მუშაობდეს – პრესაში, რადიოში, ტელევიზიასა თუ ინტერნეტში. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ტექსტი, რომელსაც ჩვენ ვწერთ, ჩვენი სახეა...“;
თათია მექერიშვილი: “... მუშაობის პროცესში მარტო ტექსტი კი არა, შენც იცვლები. უკეთესი და უკეთესი ხდები. საკუთარ შეცდომებს აანალიზებ და უკვე მითითებამდევე ხვდები, რა გაქვს გამოსასწორებელი“;
ნინი ძაძამია: „ამ დროის განმავლობაში მე ჯგუფური მუშაობის გამოცდილება შევიძინე. მეტად გავიაზრე ის სერიოზულობა, რომელიც მკითხველისთვის გასაზიარებელ ტექსტს ახლავს თან. ვისწავლე ბევრ ჩანაწერს შორის უკეთესის გამორჩევა, როცა ცალკე თითოეული მათგანი, შეიძლება, ძალიანაც კარგი იყოს…“;
მარიამ ზაქარიძე (მეორე კურსის სტუდენტი): „მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი წელია, რაც გაზეთებს ახლოდან გავეცანი, მხოლოდ ახლა გავაცნობიერე, რა შრომას მოითხოვს თუნდაც ერთი საგაზეთო მასალის შექმნა...”;
გვანცა ექიზაშვილი, რედაქტორი: „რედაქტორობის მოკლე პერიოდში მივხვდი, რომ სიტყვა, რომელსაც მართლა დიდი ძალა აქვს, საბოლოოდ, მაინც შენს ხელთაა. ჰოდა, შენვე გადაწყვეტ, საით მიმართავ მას“.
გაზეთის პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ – ემზარ ჯგერენაიამ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა – მამუკა თავხელიძემ, სტუდენტური გაზეთის ხელმძღვანელმა და პროფესორმა – პაატა ნაცვლიშვილმა, ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა – დიანა ტყებუჩავამ, მულტიმედიაცენტრისა და რადიოს ხელმძღვანელებმა – თათია პაჭკორიამ და ნინო მაჭავარიანმა, ასევე, პროფესორმა სერგი ჯორბენაძემ.
სტუდენტური გაზეთი – „ალმა მატერი“, ეროვნული ბიბლიოთეკის არქივშიც შეინახება.
„ალმა მატერის“ მესამე ნომრის მომზადებაში მონაწილეობდნენ: გრუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მეორე და მეოთხე კურსის სტუდენტები: გურანდუხტ გოგოლაძე, მარიამ ზაქარიძე, თინათინ ლობჯანიძე, თათია მექერიშვილი, ანა პირველი, სალომე სვანიძე, ანა ურდულაშვილი, ანა შამათავა, ლიზი ჩიმჩიური, ლალო ბერია, მარიამ მოთიაშვილი, ნინი ძაძამია, ასევე, მაგისტრატურის პირველი კურსის ორი სტუდენტი – გვანცა ექიზაშვილი და ნინი ფერაძე.
წარმატება ვუსურვოთ მათ!