გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა გაეროს ბავშვის უფლებათა საერთაშორისო კომიტეტთან ერთად დაიწყო ახალი პროექტის - „ბავშვები თანასწორობისთვის“, განხორციელება.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვებს თანასწორობის უფლების არსის გააზრებაში, მისცეს შესაძლებლობა, ერთი მხრივ, თავად იზრუნონ ადამიანებზე, საზოგადოებაზე, სამშობლოზე, მეორე მხრივ, სხვებსაც მისცენ მოტივაცია და ამით განამტკიცონ საზოგადოებაში თანასწორობის უფლება.
პროექტის ფარგლებში ბავშვებმა უნდა მოიფიქრონ და წარმოადგინონ პროექტი, რომლის მიზანი იქნება მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა.
გრუნი დააფინანსებს გამარჯვებული პროექტების ავტორების ვიზიტს ჟენევაში (ტური გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში) ან/და სტრასბურგში (ტური ევროპის საბჭოში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ევროპულ პარლამენტში) ან/და ბრიუსელში (ტური ნატოში, ევროპის კავშირის სტრუქტურებში).
12 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში პროექტის გასაცნობად პირველი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა გახსნეს: უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და გრუნის პროფესორმა, ბავშვის უფლებების საერთაშორისო კომიტეტის წევრმა სოფიო კილაძემ.
თბილისისა და რეგიონების 600-ზე მეტ მოსწავლეს უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლებმა: გულიკო გალდავამ, ვახტანგ ჭარაიამ, გოჩა ოჩიგავამ, ანა თეგეთაშვილმა, ანა კუჭუხიძემ, დავით სირაძემ, განუმარტეს პროექტის არსი, ის მოთხოვნები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია წარმატების მისაღწევად, გააცნეს პროექტის შედგენის წესები და უპასუხეს მათ შეკითხვებს.
კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება და საუკეთესო პროექტების ავტორები 31 მარტს გამოვლინდებიან.
პროექტის ყველა მონაწილე მიიღებს გრუნის 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერს და პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.