აჭარის რეგიონში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ბაზაზე, სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერით, გაიხსნა სასამართლო მედიაციის ცენტრი.
ბათუმში მედიაციის ცენტრის გახსნა ემსახურება ადგილობრივი მოსახლეობისათვის მხარდამჭერი და ნეიტრალური გარემოს შექმნას, სადაც მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედიატორების დახმარებით სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ უთანხმოება. უნივერსიტეტის ბაზაზე ამგვარი ცენტრის დაარსება კი დაეხმარება სტუდენტებს პრაქტიკულად ჩაერთონ მედიაციის პროცესის მომზადებაში და მიიღონ პროფესიული გამოცდილება.
სასამართლო მედიაციის ცენტრი გახსნეს: "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ჯუმბერ ბეჟანიძემ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ამირან მესხიშვილმა.
მედიაციის რეგიონული ცენტრის შექმნა ხელს შეუწყობს ამ ინსტიტუტის განვითარებას ქვეყანაში და სოციალური მშვიდობის დამყარებას აჭარის რეგიონში.