მოსწავლეთა კლასგარეშე აქტივობის, მათი სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისა და ამ პროცესში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მონაწილეობის მიზნით ბაკურიანში განხორციელდა „ახალგაზრდების კულტურულ - საგანმანათლებლო და გამაჯანსაღებელი პროგრამა", რომელშიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიც მონაწილეობდა.
2022 წლის 16-18 დეკემბერს მოსწავლეებთან წინასწარ შერჩეულ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა გრუნის ასოცირებულმა პროფესორმა გოჩა ოჩიგავამ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთის თემას და ამ მიმართულებით სასკოლო ასაკში ბავშვის განათლების დონის ამაღლების მნიშვნელობას. ამასთან ერთად, ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია უნივერსიტეტის სასწავლო გარემოსა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.
შეხვედრაზე დისკუსიაც გაიმართა, მოსწავლეებმა სხვადასხვა თემაზე მოკლე პრეზენტაციებიც წარადგინეს, დასახელდა საუკეთესო კლასი: თბილისის, 115 - ე საჯარო სკოლის VII "ბ", დამრიგებელი ნანა ზარქუა.
ყველა მონაწილეს გრუნისგან გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები. გამარჯვებულებს კი, დამატებით - სპეციალური პრიზები.
პროგრამა მიმდინარეობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.