ნათელა ვასაძე - გრიგოლ რობაქიძის პრემიის პირველი მფლობელი!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნათელა ვასაძე - გრიგოლ რობაქიძის პრემიის პირველი მფლობელი!


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა სულ ახლახან დააწესა ქართველი მწერლის, ფილოსოფოსისა და მოაზროვნის გრიგოლ რობაქიძის პრემია, რომელიც უნივერსიტეტის აკადემიური კომიტეტის უშუალო ინიციატივითა და წინადადებით ნათელა ვასაძეს გადაეცა.

 

შთამბეჭდავი მოღვაწეობის გამო ცნობილი მეცნიერი და პედაგოგი არაერთი წოდებისა და ორდენის მფლობელი გამხდარა. ის 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და მრავალი გამოცემის რედაქტორია. მათ შორისაა "საქართველოს პედაგოგიური აზრის ანთოლოგია“, "პედაგოგიკის ისტორიის" სახელმძღვანელო. სხვადასხვა წლებში იყო თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, საქართველოს განათლების მინისტრი, უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი...

 

„ემოციების გამო ჩემთვის ძნელია საუბარი, ისღა დამრჩენია, მუხლმოდრეკილმა და თავდახრილმა გითხრათ მადლობა ასეთი დაფასებისა და საპატიო ჯილდოს გადმოცემისთვის. არასდროს არანაირი სიმდიდრე არ მიძებნია, მაგრამ ყოველთვის მდიდარი ვიყავი ჩემი აღზრდილებით...“ - განაცხადა დაჯილდოების ცერემონიაზე ნათელა ვასაძემ.

 

უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ მამუკა თავხელიძის განმარტებით, გრიგოლ რობაქიძის პრემია გადაეცემა იმ მოღვაწეებს, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით ახალ სიმაღლეზე აიყვანეს ქართული განათლების, მეცნიერების, მწერლობისა და, ზოგადად, საზოგადოების განვითარება, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს პროფესიონალთა და მეცნიერთა თაობის აღზრდის, ერის სულიერი და ზნეობრივი ბაზისის ჩამოყალიბების საქმეში. პრემიის პირველი მფლობელი, ნათელა ვასაძე კი თავისი მოღვაწეობით, თვალსაჩინო მიღწევებით, განათლების სფეროს განვითარებისა და ახალგაზრდების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისათვის პირველ რიგში იმსახურების ამ ჯილდოს.

 

საზეიმო ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ზურაბ ხონელიძემ, ქართველმა დიპლომატმა ქალმა, პროფესორმა ნათელა ლაღიძემ და საქართველოს კრიმინოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ. ღონისძიებას ესწრებოდნენ: მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაია, პროფესორი ზურაბ შხვაცაბაია, პროფესორი ინდირა ძაგანია, საქართველოს განათლების აკადემიის სწავლული მდივანი პროფესორი ლუბა ბიბილეიშვილი, გრიგოლ რობაქიძის პრემიის კომიტეტის წევრები, აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები და სტუდენტები.