მედიაგანათლების საერთაშორისო პროგრამის მესვეურებმა საქმიანობის შედეგები შეაჯამეს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მედიაგანათლების საერთაშორისო პროგრამის მესვეურებმა საქმიანობის შედეგები შეაჯამეს


2022 წლის 9 დეკემბერს მედიაგანათლების პროგრამის პარტნიორმა ორგანიზაცია WorldChicago-მ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად MEP-ის მონაწილეებისათვის საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიებას ამერიკის ელჩის მოადგილე, რაიან ჰარისი, ესწრებოდა.

 

ამ ღონისძიებით WorldChicago-მ ბოლო სამი წლის განმავლობაში გაწეული საგრანტო საქმიანობის წარმატებით დასრულება აღნიშნა, შედეგები შეაჯამა და პრეზენტაციის სახით წარმოადგინა. მედიაგანათლების პროგრამის ხელმძღვანელმა დენის მეტსონმა მიღებაზე ისაუბრა იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც პროექტის ფარგლებში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურმა პერსონალმა მიიღო და თავიანთ სასწავლო პროგრამებში დანერგა.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორები ყოველწლიურად მონაწილეობენ აღნიშნულ პროექტში.

 

მიღებაზე გრუნის სტუდენტებმა ამ პროგრამის შესახებ 2021 წელს მომზადებული ვიდეორგოლი წარადგინეს, რის გამოც აღნიშნულ ღონისძიებას, მედიასკოლის პროფესორის, მულტიმედიაცენტრის ხელმძღვანელისა და MEP-ის მონაწილის - მაია (თათია) პაჭკორიას, გარდა, შვიდი გამორჩეული სტუდენტიც ესწრებოდა. მათ ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამ ექსპერტსა და მედიაგანათლების პროგრამის სხვადასხვა კოჰორტის წარმომადგენელს ინტერვიუები ჩამოართვეს და მასალას, როგორც ქართველ, ისე ამერიკელ კოლეგებს გაუგზავნიან.

 

საზეიმო მიღებას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პოლიტიკისა და საჯარო მმართველობის დეკანი, გიორგი მირიანაშვილიც ესწრებოდა.