ვილნიუსის, მიკოლას რომერისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც, უპირატესად, სამეცნიერო - კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს.
პირველი სამუშაო შეხვედრა პარტნიორ უნივერსიტეტთან ჯერ კიდევ მ/წ სექტემბერს გაიმართა, როდესაც გრუნის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ლიეტუვის უმაღლესი განათლების სფეროს საქმიანობის გაცნობა და კრიმინალისტთა XVIII საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები- პროფესორი გია დეკანოზიშვილი, ასოცირებული პროფესორი გოჩა ოჩიგავა და სტუდენტი ანი ფირცხალავა, მიკოლას რომერის უნივერსიტეტში გაეცნენ პოსტკოვიდურ პერიოდში სასწავლო პროცესის მართვის პროცესს, შეფასებისა და თვითშეფასების სისტემას, აკადემიური პერსონალის სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას, სტუდენტური თვითმართველობის მუშაობას, მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების შესახებ.
გრუნი მადლობას უხდის რომერის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელს, „ერასმუს +“ - ის მთავარ კოორდინატორ აუდრა ბუროკიენეს და მთელ განყოფილებას ამ თანამშრომლობის დაგეგმვისათვის.