ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციამ ყოველწლიურ ღონისძიებაზე საზოგადოებას თავისი საქმიანობისა და მენტორობის პროგრამის მეორე ეტაპის შედეგები წარუდგინა.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი უკვე ორი წელია ასოციაციის წარმატებული პარტნიორი და მენტორობის პროგრამის ორივე ნაკადის აქტიური მონაწილეა. წელს გრუნის 15 სტუდენტი ჩაერთო ამ პროგრამაში.
ღონისძიების ფარგლებში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი ანა აბესაძეც მონაწილეობდა. მან მადლობა გადაუხადა ასოციაციას განხორციელებული ერთობლივი პროექტებისათვის და 2 საუკეთესო მენტორს, რომლებიც გრუნის სტუდენტებთან მუშაობდნენ, გადასცა სამახსოვრო საჩუქრები და 20%-იანი სასწავლო გრანტი სადოქტორო პროგრამებზე სწავლის დასაფინანსებლად.
ღონისძიებას ესწრებოდა ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.
მენტორობის პროგრამა სტუდენტის პროფესიულ ზრდასა და დაოსტატებას ემსახურება, მენტორები ერთი სემესტრის განმავლობაში უზიარებენ სტუდენტებს თავიანთ სფეროში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას.