22 ოქტომბერს გრუნიმ 2020-2022 წლების კურსდამთავრებულები საზეიმოდ გააცილა.
Graduation 2022 - სიხარულითა და ერთგვარი სინანულით სავსე დღე, როდესაც ახალგაზრდები ემშვიდობებიან მშობლიურ უნივერსიტეტს, თუმცა სამუდამოდ ამ დიდი ოჯახის წევრებად რჩებიან!
საზეიმო გაცილების ცერემონია მეტად ამაღელვებელი გამოდგა თითოეული მათგანისათვის: წითელი ხალიჩა, უნივერსიტეტის დროშის შემოტანის საზეიმო ცერემონია, დიპლომების გადაცემის ამაღელვებელი წამი თუ ფიცის დადება, როდესაც ახალგაზრდებმა უნივერსიტეტისა და პროფესიისადმი ერთგულება ფიცით დაადასტურეს!
უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ გზა ასე დაულოცა კურსდამთავრებულებს:
„უნივერსიტეტის სახელით ყველა კურსდამთავრებულს გილოცავთ სწავლის დასრულებას და შემდგომ წარმატებას გისურვებთ ჩვენი ქვეყნისა და უნივერსიტეტის სასახელოდ.
თითოეული თქვენგანისათვის დადგა დრო წარმოაჩინოს ის ცოდნა, რომელიც უნივერსიტეტმა მოგცათ.
ეს დღე განსაკუთრებულია ჩვენთვისაც, რადგან თქვენი ცოდნა წარმოგვაჩენს ჩვენც, აფასებს ჩვენ მიერ გაწეულ შრომას.
გრუნი ერთი დიდი ოჯახია, რომელიც ყველა მის წიაღში აღზრდილ ახალგაზრდას ბოლომდე თავის მეგობრად და ყველაზე სასურველ, ახლობელ და ანგარიშგასაწევ ადამიანად მიიჩნევს. ვფიქრობთ, თითოეული კურსდამთავრებულისთვისაც ალმა მატერი მშობლიურ უნივერსიტეტად დარჩება ყოველთვის და არასოდეს დაივიწყებთ უნივერსიტეტის კედლებში გატარებულ სტუდენტობის საუკეთესო წლებსა და პედაგოგებს...“
მარიამ შონიამ, ქეთევან ლაბაძემ, გურანდა თედეშვილმა ყველა კურსდამთავრებულის სახელით მადლობა გადაუხადეს იმ ადამიანებს, ვინც მცირეოდენი წვლილი მაინც შეიტანა, ვინც იზრუნა მათ პროფესიონალ სპეციალისტებად ჩამოყალიბებაზე; ვინც თავისი ცოდნა, მონდომება და ძალისხმევა არ დაიშურა, რომ უკვე სტუდენტობიდანვე ყოფილიყვნენ წარმატებულები და დამოუკიდებლები.
ცერემონიას კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები და მეგობრებიც ესწრებოდნენ.
დასასრულ, ფოიერვერკების ფონზე სტუდენტებმა რექტორთან ერთად გაჭრეს საზეიმო ტორტი და ერთმანეთს სწავლის დასრულება მიულოცეს!