გრუნისა და ტეხასის ა&მ-ის უნივერსიტეტის პირველი საპილოტე პროგრამა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნისა და ტეხასის ა&მ-ის უნივერსიტეტის პირველი საპილოტე პროგრამა


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ტეხასის ა&მ-ის უნივერსიტეტთან ერთად პირველი საპილოტე პროგრამის განხორციელება დაიწყო.

 

TESOL პროგრამა ითვალისწინებს გრუნის პროფესორ-მასწავლებლებისა და საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლების პროფესიულ გადამზადებას.

 

პროგრამა, რომელსაც ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრი უწევს ადმინისტრირებას, შესაძლებლობას აძლევს ინგლისური ენის სპეციალისტებს განაახლონ თავიანთი ცოდნა სწავლების საუკეთესო მეთოდებისა და პრაქტიკის მიმართულებით და შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ დაეხმარება, ასწავლონ ინგლისური ენა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, როგორც ფიზიკურად, ისე ვირტუალურად.

 

პროგრამაში მონაწილეობისათვის გრუნიმ შეარჩია პროფესორ-მასწავლებლები: ნატო კოროშინაძე, თინა ასათიანი, ინდირა მაჩუტაძე და ტყიბულისა და თელავის საჯარო სკოლების მასწავლებლები: სოფო სოფრომაძე და მარი ყურაშვილი.

 

2022 წლის 11 ოქტომბერს გაიმართა შერჩეული პროფესორ-მასწავლებლების საინფორმაციო ონლაინშეხვედრა ტეხას ა&მ-ის უნივერსიტეტის პროფესორებთან.

 

შეხვედრაზე მონაწილეებს წარმატებები უსურვა რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ. საინფორმაციო სესიას უძღვებოდა პროფესორი მეთიუ ეტჩელსი, საერთაშორისო პარტნიორობის დირექტორი და პროფესორი ერინ სინგერი, სასწავლო გეგმის, ინსტრუქციების სწავლების და ქოუჩინგის აკადემიის დირექტორი და TESOL პროგრამის (CRDLLA) წამყვანი კოორდინატორი.

 

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს, ასევე, ექნებათ შესაძლებლობა, მიღებული ცოდნა ქართველ მოსწავლეებსა და სტუდენტებს გადასცენ.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა 2022 წლის 31 აგვისტოს საგანმანათლებლო საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებისა და აკადემიური განათლების სრულყოფისა და განვითარების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა Texas A&M-ის უნივერსიტეტთან.