2022 წლის 10 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურთან. ინიციატივა გრუნის ბიზნესისა და მართვის სკოლას ეკუთვნის.
მხარეებმა გამოთქვეს სურვილი ხელი შეუწყონ სტუდენტების მიერ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გაანალიზებასა და განზოგადებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
მემორანდუმით გათვალისწინებულია საქსტატში სტუდენტების სტაჟირება და სამეცნიერო და გამოყენებითი კვლევის ფარგლებში გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება.
მემორანდუმის ხელმოწერის საზეიმო ცერემონიაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, რომ თანამშრომლობის ფარგლებში სამსახური წარჩინებული სტუდენტების დასაქმების საკითხსაც განიხილავს.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გოგიტა თოდრაძემ ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექცია: „ოფიციალური სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები“. მან სტუდენტებს გააცნო სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები, ბოლო პერიოდში საქსტატში განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები.
შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა და პროფესორ - მასწავლებლებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს.