2022 წლის 31 აგვისტოს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა საგანმანათლებლო საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებისა და აკადემიური განათლების სრულყოფისა და განვითარების მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა Texas A&M-ის უნივერსიტეტთან.
მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლას, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, განათლების ლიდერობისა და ორმაგი ენის ათვისებასთან დაკავშირებული კვლევებისა და განვითარების პროგრამების შექმნას.
მემორანდუმის გაფორმების საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად გრუნის სტუმრობდნენ Texas A&M-ის უნივერსიტეტის პროფესორები: ერინ სინგერი და ნაჰედ აბდელრაჰმანი, რომლებსაც ცერემონიის დაწყებამდე რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და რექტორის მრჩეველმა ანა აბესაძემ უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში უმასპინძლეს. სტუმრები განსაკუთრებით მოიხიბლნენ მულტიმედიაცენტრითა და კრიმინალისტიკის ლაბორატორიით.
ღონისძიება გრუნის მხრიდან გახსნა და ფასილიტაციას უწევდა რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე, ხოლო Texas A&M-ის მხრიდან, საერთაშორისო პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორი, მეთიუ იტჩელსი.
ხელმოწერის ცერემონიას ვირტუალურად ჩაერთვნენ:
დოქტორი სუზან ბალაბინა - ტეხასის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიური და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებში;
დოქტორი მაიკლ დე მირანდა - ტეხასის უნივერსიტეტის განათლებისა და ადამიანური რესურსების განვითარების სკოლის დეკანი;
დოქტორი ბევერლი ირბი - ტეხასის უნივერსიტეტის რეგენტი პროფესორი აკადემიურ საკითხებში, უფროსი ასოცირებული დეკანი და პროფესორი, განათლების ლიდერობის კვლევის ცენტრის დირექტორი;
დოქტორი რაფაელ ლარა - ალეციო, რეგენტი პროფესორი, ორმაგი ენისა და წიგნიერების შეძენის კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორი.
საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ: ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, კულტურის ატაშე კრისტოფერ ანდერსონი, განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, ამერიკის გაცვლითი პროგრამების ქართველ კურსდამთავრებულთა ასოციაციის თავჯდომარე, მარიამ თურმანიძე, Texas A&M უნივერსიტეტის ქართველი და ამერიკელი კურსდამთავრებულები და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
საზეიმო ცერემონიის გახსნაზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ აღნიშნა: „მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მქონე Texas A&M-ის უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმება არის განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობა, ამ თანამშრომლობით უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობაში იწყება ახალი ეტაპი საერთაშორისო გამოცდილების გაღრმავება-გაფართოების მიზნით. მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, ამერიკის საელჩოს საქართველოში და ყველა იმ ადამიანს, რომელთა ჩართულობითა და დახმარებით დაიწყო ეს თანამშრომლობა...“.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ მხარეებმა გაცვალეს სამახსოვრო საჩუქრები.
გრუნის Texas A&M-ის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყება მიულოცეს ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და განათლების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა.
„მოხარული ვარ დღეს აქ ყოფნით, როდესაც ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და Texas A&M-ის უნივერსიტეტს შორის, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი სასწავლებელი აშშ-ში, ასევე არის პირველი უნივერსიტეტი ტეხასში. ეს თანამშრომლობა ფოკუსირებულია საუნივერსიტეტო პრინციპებისა და უნარების გამომუშავებაზე, ასევე, მასწავლებლებზე საქართველოში. ეს არის დიდი დღე, დიდი შესაძლებლობა და საქართველოსა და აშშ-ს შორის განათლების სფეროში ახლო კავშირების კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი“ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.
საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ ელჩმა დაათვალიერა გრუნის სასწავლო გარემო და ლაბორატორიები, რამაც მისი დიდი მოწონება დაიმსახურა.