გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მულტიმედიაცენტრს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „მოამბისა“ და გადაცემა „დღის თემის“ წამყვანი, წარმატებული ჟურნალისტი თამთა სანიკიძე ეწვია.
სტუდენტებთან ინტერაქტიულ შეხვედრაზე ჟურნალისტმა დეტალურად განიხილა ყალბი ახალი ამბების მომზადების, მათი გამოვლენისა და რთულ პოლიტიზირებულ მედიაგარემოში თვითდამკვიდრების საკითხები, ასევე, თანამედროვე მედიასივრცეში არსებული გამოწვევები.
თამთა სანიკიძე მომავალ კოლეგებს თანამედროვე ახალი ამბების მუშაობის სპეციფიკაზეც ესაუბრა, პირადი გამოცდილებაც გაუზიარა და თავადაც გაეცნო გრუნის მულტიმედიაცენტრის პრაქტიკულ სასწავლო პროცესს. საბაკალავრო პროგრამის მე- 2 კურსის სტუდენტებმა სტუმრის თანდასწრებით მოამზადეს „კადრსინქრონის“ ჟანრის ჟურნალისტური პროდუქტი და მაღალი შეფასებაც დაიმსახურეს.
თამთა სანიკიძის განცხადებით, მედიაგარემოს გაჯანსაღება ახალი თაობის ჟურნალისტების სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და პროფესიულ სინდისზეა დამოკიდებული, რაშიც უნივერსიტეტების მედიასკოლები უდიდეს როლს ასრულებენ.