ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია 2021 წლიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პარტნიორია. პირველი პროექტი, რომელიც ამ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა, მენტორობის პროგრამაა.
მენტორობის პროგრამა გულისხმობს მენტორის, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული სპეციალისტის, თანამშრომლობას მისსავე სპეციალობის სტუდენტთან, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და კონსულტაციის გაწევას, დახმარებას პროფესიულ დაოსტატებაში, პიროვნული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და მომავალი კარიერისათვის უკეთ მომზადებაში.
ასოციაციამ დაასრულა მენტორობის პროგრამის მეორე ნაკადი, რომლის დახურვის საზეიმო ცერემონია 2022 წლის 5 ივლისს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მუზეუმში გაიმართა.
პროგრამის მეორე ნაკადში გრუნისთან ერთად ჩართული იყო სამი უნივერსიტეტი: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო, საქართველოსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტები.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან პროგრამაში მონაწილეობდა სხვადასხვა სპეციალობის საბაკალავრო პროგრამის 12 სტუდენტი, რომლებიც სემესტრის განმავლობაში მიმაგრებულ მენტორებთან ერთად მუშაობდნენ.
პროგრამის დახურვის ცერემონიას ესწრებოდნენ: პროგრამის მონაწილე სტუდენტები, მენტორები, ასოციაციის საბჭოს წევრები და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, მათ შორის, გრუნის რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე. რექტორის მრჩეველმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მიულოცა მენტორობის პროგრამის მეორე ნაკადის წარმატებით დასრულება, ისაუბრა მენტორობის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე და წარმატება უსურვა ორგანიზატორებს, სტუდენტებსა და მენტორებს.
თანამშრომლობა ეპაგთან გრძელდება.