გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა და მისმა პარტნიორმა - ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „დრონი“, ესპანეთში, სეგოვიაში, სემინარზე მიღებული გამოცდილების შემდეგ დაიწყეს „ახალგაზრდების გაძლიერების კამპანია“, რომლის პირველი ონლაინ შეხვედრა მოსწავლეებთან გაიმართა 2022 წლის 3, 10 ივნისს.
გრუნის რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ და დრონის საერთაშორისო პროექტების კოორდინატორმა, ავთანდილ ვარდიაშვილმა ახალგაზრდებთან განიხილეს „მიზნის მიღწევის ხელოვნება“.
კამპანიის ბენეფიციარები იყვნენ მე-9 - მე-12 კლასის მოსწავლეები, კერძოდ: აშშ-ის საელჩოს ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის მონაწილეები იმერეთიდან და რაჭიდან, გლოუ საქართველოს საზაფხულო პროგრამის „გოგონები ჩვენი მსოფლიოს ლიდერების“ მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და ზუგდიდის ამერიკული კუთხის მოხალისეები.
ვებინარის ფარგლებში, სპიკერებმა განიხილეს მიზნის ცნება და მისი მნიშვნელოვნება, ისევე როგორც, მიზნის მიღწევის ეფექტური ტექნიკა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიზნების სწორად ფორმულირების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და წარმატებული „SMART” მეთოდის მაგალითზე, ჩამოეყალიბებინათ საკუთარი მიზნები უფრო კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რელევანტური და დროში გაწერილი სახით.
სემინარის ბოლოს, დრონის საერთაშორისო პროექტების კოორდინატორმა მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია სხვადასხვა საერთაშორისო სამოხალისეო პროექტებსა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ.