2022 წლის 24-29 მაისს, ახალგაზრდულ ასოციაცია „დრონისთან“ თანაშრომლობის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე იმყოფებოდა სეგოვიაში, ესპანეთში, სემინარზე, რომელიც განიხილავდა ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ევროპულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.
საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, რექტორის მრჩეველმა სემინარში მონაწილე ორგანიზაციებთან განიხილა ევროპის სოლიდარობის კორპუსის ხარისხის ნიშნის მიღების საკითხი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს უნივერსიტეტს მოიწვიოს ევროპელი მოხალისეები და, ასევე, ევროკავშირის დაფინანსებით გაგზავნოს სტუდენტები სხვადასხვა ქვეყანაში სამოხალისეო პროექტებში მონაწილეობის მიზნით.
ამასთანავე, რექტორის მრჩეველმა სემინარზე წარმოდგენილ ევროპულ ორგანიზაციებთან, მათ შორის, მასპინძელ პარკერის ასოციაციასთან პოტენციური პარტნიორობის შესაძლებლობების შესახებაც იმსჯელა.
საქართველოდან ღონისძიებას ესწრებოდნენ ასოციაცია „დრონის“ წარმომადგენლები, რომლებთან ერთადაც გრუნი გეგმავს „ახალგაზრდების გაძლიერების“ თემის პოპულარიზაციას საქართველოში და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების კამპანიის დაწყებას.
კამპანიის ბენეფიციარები იქნებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეები, აშშ-ის საელჩოს “Access” პროგრამის მონაწილეები, ორგანიზაცია „გოგონები - ჩვენი მსოფლიოს ლიდერების“ წევრები, ამერიკული კუთხეების მოხალისეები და სხვ.