შემეცნებითი ტური ძველ თბილისში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შემეცნებითი ტური ძველ თბილისში


საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მოეწყო შემეცნებითი ტური ძველ თბილისში.

 

წინასწარ შერჩეული მარშრუტის მიხედვით, ახალგაზრდებმა ძველ თბილისში დაათვალიერეს კულტურული და ხუროთმოძღვრული ძეგლები და ესტუმრნენ ორ მნიშვნელოვან ლოკაციას: ქართული იარაღის განახლებულ მუზეუმსა და ნარიყალას ციხესიმაგრის ფრაგმენტის კვლევის შედეგად გახსნილ ახალ სამუზეუმო სივრცეს.

 

იარაღის მუზეუმში სტუდენტებს მასპინძლობდა თავად მუზეუმის დამფუძნებელი და დირექტორი, დავით ნასარიძე. მან ახალგაზრდებს საქართველოს ისტორიის არაერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი გაახსენა და ჩვენი წარსულის საინტერესო ამბებიც მოუთხრო.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველ მეცნიერთა როლსა და დამსახურებას ქართული იარაღის კვლევის საქმეში, ამ სფეროში ახალი სამეცნიერო ლიტერატურის შექმნისა და გამოცემის მხარდაჭერის აუცილებლობას.

 

სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, ხელით შეხებოდნენ წინაპართა მიერ ნაქონ ხმლებს, ხანჯლებს, ჯაჭვის პერანგებს, რკინის ფარს, სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობას. უფრო მეტიც, მათ თავად მოირგეს სამხედრო სამოსი და საინტერესო ფოტოსესიაც მოაწყვეს. უნივერსიტეტმა ქართული იარაღისა და ქართული სამხედო სტრატეგიის შემსწავლელი მეცნიერების განვითარებაში წვლილის შეტანის მიზნით, აღნიშნულ მუზეუმს გადასცა საინტერესო სამუზეუმო ექსპონატი.

 

არანაკლები შთაბეჭდილება მოახდინა სტუდენტებზე მეორე ობიექტის მონახულებამ, სადაც ახალგაზრდებმა იხილეს დედაქალაქში ჩატარებული უახლესი არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი საინტერესო არტეფაქტები (ყველაზე ძველი: III - IV სს.). განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო უძველესმა აბანოებმა და ქვევრებმა, ასევე, მეცნიერთა ახალმა მოსაზრებებმა თბილისის საყოფაცხოვრებო და სანიტარულ-ჰიგიენური კულტურის შესახებ.

 

მსგავსი ღონისძიებები გრუნის სტუდენტებისათვის მომავალშიც გაიმართება.

.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო უნივერსიტეტის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრი.