ელისო ჩაფიძე პოლონელ სტუდენტებთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ელისო ჩაფიძე პოლონელ სტუდენტებთან


გრუნი წლებია ნაყოფიერად თანამშრომლობს პოლონეთის იან კოხანოვსკის სახელობის უნივერსიტეტთან და ეს თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება.

 

მ/წ 13 - 19 მაისს, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მოწვეული ლექტორი, ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე, პროფესიული განვითარების ფარგლებში, მივლინებულ იყო პოლონეთში, იან კოხანოვსკის სახელობის უნივერსიტეტში. ვიზიტი ერაზმუს მუნდუსის აკადემიური გაცვლითი პროგრამის დაფინანსებით განხორციელდა. ქალბატონმა ელისომ პოლონელ სტუდენტებთან წაიკითხა სალექციო კურსი - საგამოძიებო ჟურნალისტიკის პრობლემები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს მედიაგარემოთი და თანამედროვე საძიებო სისტემებით, გაეცნენ საქართველოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მარეგულირებელ წესებსა და პროაქტიურად გამოქვეყნებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებს, ასევე, სასამართლო ჩანაწერების საჯაროობის სამართლებრივ და პრაქტიკულ ასპექტებს.

 

ამასთან ერთად, ელისო ჩაფიძემ, გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით, შეხვედრები გამართა იან კოხანოვსკის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორებთან: ოლგა დაბროვსკა-სენდროვსკასთან, ნატალია ვალკოვიაკთან, ასევე, ერაზმუს მუნდუსის პოლონელ კოორდინატორთან მაგდალენა მალაგასთან, დაისახა გეგმები შემდგომი თანამშრომლობისა და ერთობლივი სამეცნიერო მუშაობის გასაგრძელებლად.

 

ქალბატონი ელისო ეწვია იან კოხანოვსკის უნივერსიტეტის უმდიდრეს ბიბლიოთეკასაც, სადაც ყველა პირობაა შექმნილი, მათ შორის, შშმ პირებისათვის, დაეუფლონ ცოდნას; სტუდენტურ რადიო „ფრანჩკას“ და ტელევიზიას. რადიომ ნახევარსაათიანი ინტერვიუ ჩაწერა ელისო ჩაფიძესთან როგორც საგამოძიებო ჟურნალისტიკის, ისე მედიაეთიკის, სტანდარტებისა და თვითრეგულირების საკითხებზე.

 

პოლონელმა სტუდენტმა მიხეილ ბაბამ ასე შეაფასა პროფესორ ელისო ჩაფიძის ლექციები: „ნამდვილი სიამოვნება იყო მისი ლექციების მოსმენა და მასტერკლასებში მონაწილეობა. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, შევხვედროდი ელისო ჩაფიძეს. იმედი მაქვს, რომ ის კვლავაც ეწვევა იან კოხანოვსკის უნივერსიტეტს. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და ვეტყვი, რომ თქვენ მხარდამჭერები უცხოეთშიც გყავთ“.

 

ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამები საუკეთესო შესაძლებლობებს იძლევა ქართული და ევროპული უნივერსიტეტების თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და სწავლების სტანდარტების დასაახლოებლად.