ამერიკელი ასისტენტ - მასწავლებელი გრუნის სტუდენტებთან იმუშავებს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ამერიკელი ასისტენტ - მასწავლებელი გრუნის სტუდენტებთან იმუშავებს


საგანმანათლებლო საქმიანობაში თანამედროვე, დასავლური ღირებულებების დამკვიდრება, მუდმივი წინსვლა და განვითარება არის ინსტრუმენტი ახალგაზრდების უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ამიტომ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა თავისი განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად საგანმანათლებლო საქმიანობის ინტერნაციონალიზაცია მიიჩნია და სწავლა-სწავლების პროცესი განსაზღვრა ახლებური მიდგომებით, ახალი ფაქტორების გათვალისწინებითა და ინოვაციური კომპონენტების გააქტიურებით. შექმნა სრულიად ახალი საგანმანათლებლო კონცეფცია, რომლის ნაწილია საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში უნივერსიტეტის აქტიურად ჩართვა და ახალი პარტნიორული ურთიერთობები.

 

ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ინგლისური ენის სწავლების ასისტენტ პროგრამა (ETA), რომელსაც უნივერსიტეტი აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისური ენის მაღალი ხარისხით სწავლების ხელშეწყობას და მას ამზადებს რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე.

 

პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებთან საგაზაფხულო სემესტრში იმუშავებს ამერიკელი მოხალისე ასისტენტ-მასწავლებელი ბრენდონ ჰარდინგი, რომელიც უკვე ეწვია საქართველოს.

 

2022 წლის 16 მარტს ბრენდონ ჰარდინგი საქართველოში ამერიკის საელჩოს წამომადგენლებთან: კულტურის ატაშესთან კრისტოფერ ანდერსონთან და პროექტების კოორდინატორთან ლიკა გუმბერიძესთან ერთად სტუმრობდა უნივერსიტეტს.

 

ვიზიტის ფარგლებში გრუნის რექტორმა მამუკა თავხელიძემ და რექტორის მრჩეველმა ანა აბესაძემ სტუმრებს კამპუსი და სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერებინეს, რის შემდეგაც მხარეებმა განიხილეს პროგრამისა და ასისტენტ-მასწავლებლის გრუნიში მუშაობის დეტალები.

 

ბრენდონ ჰარდინგი დასაწყისისთვის ინგლისური ენის ლექტორებთან ერთად იმუშავებს პრაქტიკული კომპონენტების გასაუმჯობესებლად, როგორც თბილისის, ისე ბათუმის წარმომადგენლობაში. გაუწევს მათ სხვადასხვა სახის კონსულტაციას და ჩაერთვება საერთაშორისო ვირტუალური გაცვლის პროექტებშიც.

 

შეხვედრაზე დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობაც, კერძოდ, სხვადასხვა პროექტის ერთობლივად განხორციელება, ასევე, აშშ-ის ელჩის, კულტურისა და FBI-ის ატაშეების სტუმრობა და ლექციები უნივერსიტეტში.

 

უნივერსიტეტის სასწავლო გარემომ და ლაბორატორიებმა სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.