2022 წლის 11 მარტს ახალგაზრდული ასოციაცია „დრონის“ წარმომადგენლებმა, პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში, პირველი შეხვედრა გამართეს გრუნის სტუდენტებთან.
პროექტების კოორდინატორებმა მარიამ რაფავამ და ავთანდილ ვარდიაშვილმა ახალგაზრდებს გააცნეს ერასმუს +-ის პროგრამები, რომლებიც, ძირითადად, არაფორმალური განათლების სფეროს მოიცავს და საშუალებას აძლევს სტუდენტებს უფასოდ ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში, იმუშაონ ევროპის სხვადასხვა ორგანიზაციისთვის, განივითარონ უნარები, აიმაღლონ პროფესიული კომპეტენციები და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება.
ასოციაციის წარმომადგენლებმა, ასევე, ისაუბრეს ევროპის სოლიდარობის კორპუსის, ახალგაზრდების შესაძლებლობების, პროექტების ტექნიკური და პრაქტიკული ნაწილისა და სამოხალისეო საქმიანობის შესახებ.
განუმარტეს სტუდენტებს, როგორ უნდა შეარჩიონ მათთვის სასურველი პროგრამა, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პროექტის მონაწილე, როგორია ფინანსური უზრუნველყოფის პირობები და რა ვადით და რამდენჯერ შეუძლიათ მონაწილეობა შემოთავაზებულ პროექტებში.
შეხვედრის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნიდან სამოხალისეო პროექტებით ჩამოსულმა სტუდენტებმა გრუნის სტუდენტებს თავიანთი გამოცდილება და შეფასებები გაუზიარეს.
შეხვედრის ყველა მონაწილემ მიიღო საინფორმაციო პაკეტი პროექტებისა და მოსამზადებელი დოკუმენტაციის შესახებ.