ნინო ლიპარტიას მიმართვა უნივერსიტეტის გოგონა - სტუდენტებს!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნინო ლიპარტიას მიმართვა უნივერსიტეტის გოგონა - სტუდენტებს!

ქალთა უფლებების კვირეულის ფარგლებში, მსურს გამოვეხმაურო ამ საერთო სულისკვეთებას და მივმართო ჩვენი უნივერსიტეტის გოგონა - სტუდენტებს.

 

ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს! გისურვებთ ბევრ ლამაზ გაზაფხულს თქვენს ცხოვრებაში, მშვიდობას, რაც დღეს ასე გვჭირდება და პროფესიულ განვითარებას!

 

ახლა თქვენი ცხოვრების ერთ - ერთი საუკეთესო პერიოდია. მიუხედავად რთული ყოფისა, რომელიც დაუდგა მსოფლიოს, ეს იქნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საერთო სურათი თუ ევროპის შუაგულში მიმდინარე მოვლენები, თქვენ მაინც არ უნდა მოდუნდეთ. ახლა მნიშვნელოვანია გქონდეთ არნახული შემართება, სიმტკიცე და იყოთ ძალიან მონდომებული. უნდა მიიღოთ ხარისხიანი განათლება, აიმაღლოთ ცნობიერება, რაც შეიძლება ბევრი იკითხოთ, იმეცადინოთ, იშრომოთ, რომ 21 - ე საუკუნეში, ტექნოლოგიების, მეცნიერების სხვადასხვა დარგის უსწრაფესად განვითარების პირობებში, იყოთ მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი. დიახ, თქვენ უნდა მოინდომოთ. გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი კი მზრუნველობას არ მოგაკლებთ და მუდმივად თქვენს სამსახურში იქნება.

 

საქართველო ბევრი ცნობილი ქალი - მეცნიერით ამაყობს. ვისაც გსურთ თქვენი შემდგომი საქმიანობა მეცნიერებას, კვლევა - ძიებას დაუკავშიროთ, ამ შემართებით უნდა დაიწყოთ მოქმედება თქვენი სტუდენტური ცხოვრების პირველივე დღიდან. ეს მეტად რთული, საპასუხისმგებლო, მაგრამ ძალიან საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ცხოვრებაა. შეჭიდებაა ბევრ სიახლესთან, პრობლემურ საკითხთან, აღმოჩენასთან და სხვა. უნდა იყოთ აქტიური სამეცნიერო კონფერენციებზე, ტრენინგებზე, გაიაროთ სპეციალური სასწავლო კურსები, მუდმივად, მუდმივად აიმაღლოთ ცოდნის დონე. პირველ რიგში, იმეგობროთ ჩვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან. გქონდეთ წვდომა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებთან. თქვენს ლექტორებთან ერთად მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა კვლევაში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავებაში და ა.შ. ვერ წარმოიდგენთ, როგორი საინტერესოა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში და სამეცნიერო მიმართულებით გამოყენება - განმტკიცება, რაც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.

 

გისურვებთ, რომ მომავალში თქვენი წვლილი შეიტანოთ მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარებაში და იყოთ ქართველ ქალ - მეცნიერთა მოწინავე რიგებში, რაც არამარტო ჩვენი უნივერსიტეტის, არამედ სრულიად საქართველოს სახელი იქნება.

 

ნინო ლიპარტია - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი, გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტების რჩეული ლექტორი, „ნინო ლიპარტიას საადვოკატო ოფისის“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ გამგეობის თავმჯდომარე, იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის თავმჯდომარე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის ექსპერტი. არაერთი სამეცნიერო სტატიის, სახელმძღვანელოს ავტორი/თანაავტორი. 2016 წლიდან „European Mediation Program for practice of Justice” საერთაშორისო საარბიტრაჟო ასოციაციისა და პრაღის მედიაციის აკადემიის სერტიფიცირებული მედიატორი. სხვადასხვა დროს საარბიტრაჟო სამართლის პარიზის საერთაშორისო აკადემიის, ჰააგის საერთაშორისო აკადემიის, სიამენის საერთაშორისო უნივერსიტეტის, შვედეთის მთავრობისა და სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ცენტრის სტიპენდიანტი.