კერძო სკოლა „ლომისის“ მოსწავლეებმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან დამეგობრების სურვილი გამოთქვეს. ინიციატივა ეკუთვნის სკოლის მოსწავლეთა კლუბს „კარდუ“.
იმის გათვალისწინებით, რომ ტერმინი „კარდუ“ გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებასთან ასოცირდება, მოსწავლეებმა კლუბის დაარსების 4 წლისთავის აღსანიშნავი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმეს გრუნის, მისი სტუდენტებისა და სასწავლო გარემოს გაცნობა.
უნივერსიტეტთან პირველი, გაცნობითი ხასიათის, ონლაინ შეხვედრა 16 თებერვალს გაიმართა. სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს რექტორის მოადგილემ გულიკო გალდავამ, სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსმა მერი ლომიამ და რექტორის მრჩეველმა ანა აბესაძემ გააცნეს გრუნის დაარსების ისტორია, საგანმანათლებლო პროგრამები, სასწავლო გარემო და საერთაშორისო ინტეგრაციისა და სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამები, უპასუხეს მოსწავლეების შეკითხვებს.
19 თებერვალს კი მოსწავლეებს უნივერსიტეტმა უმასპინძლა. სტუდენტებმა და მოსწავლეებმა ერთობლივი პროქტი - დებატები- განახორციელეს.
მოსწავლეების ორმა გუნდმა განსახილველად გამოიტანა გეორგიევსკის ტრაქტატი და ერეკლე II-ის გადაწყვეტილება. დებატებს აფასებდნენ: სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნოდარ თოთაძე და უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის III კურსის სტუდენტი - ლილი სალაძე. მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს განსახილველი თემა და ამ საკითხების კარგი ცოდნა გამოავლინეს.
ყველა მონაწილეს გადაეცა უნივერსიტეტის სამახსოვრო საჩუქრები.
დებატების დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის გარემო, კრიმინალისტიკის ლაბორატორია, მულტიმედიაცენტრი, ბიბლიოთეკა. იქვე მოამზადეს ვიზიტის ამსახველი სიუჟეტი, რომელსაც კლუბის ვებგვერდზე განათავსებენ.