2022 წლის 20-21 იანვარს თბილისში გაიმართა ორდღიანი კონფერენცია „რეგიონული ცოდნის გაცვლა საერთაშორისო განათლების გაფართოებისთვის".
კონფერენციას, რომელიც აშშ-ის საზღვარგარეთ სწავლის ჩართულობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო განათლების ცენტრთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გაიმართა, უძღვებოდა დეივიდ უიკი, კალიფორნიის შტატის მონტერეის მიდლბურის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის პროფესორი.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოსა და აზერბაიჯანის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.
კონფერენციამ განიხილა საგანმანათლებლო სფეროს ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ტრენდები და პერსპექტივები. საზღვარგარეთ სწავლის ახალი პრაქტიკა, მათ შორის, ჰიბრიდული პროგრამები, ტექნოლოგიური განვითარებისა და რეგიონის უნივერსიტეტების უკეთ წარმოჩენის შესაძლებლობები.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე.
პანელურ დისკუსიაში ანა აბესაძემ მონაწილეებს გააცნო ამ მიმართულებით გრუნის საქმიანობა და მიღწევები, კერძოდ: საერთაშორისო ვირტუალური გაცვლითი პროგრამებისა და სტაჟირებების, Fulbright Scholar და Fulbright Research Student -ი პროგრამებისა და ინგლისური ენის ასისტენტ მასწავლებლის - ETA პროგრამის შესახებ, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტს გაზაფხულის სემესტრისთვის უკვე მიამაგრეს ამერიკელი მოხალისე მასწავლებელი.
ამასთან ერთად, კონფერენციის ფარგლებში ანა აბესაძემ სამუშაო შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის ტურიზმისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტის, აზერბაიჯანული საერთაშორისო განათლების მენეჯერთა ასოციაციის, აზერბაიჯანის განათლების ინსტიტუტის, აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტის წამომადგენლებთან. განიხილეს სამომავალო თანამშრომლობის საკითხები.
კონფერენციის დასასრულს ანა აბესაძემ აშშ-ის საელჩოსა და კონფერენციის ორგანიზატორებს შემდეგი კონფერენციის ჩატარება გრუნიში შესთავაზა.