გრუნიში ღია კარის დღეები გრძელდება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნიში ღია კარის დღეები გრძელდება


2022 წლის 28-29 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ქუთაისისა და ტყიბულის მოსწავლეებს უმასპინძლა.

 

შეხვედრები ტყიბულის განვითარების ფონდისა და ქუთაისის ამერიკული კუთხის მეშვეობით გაიმართა. ორივე ორგანიზაციაში ამ რეგიონების წარმატებული მოსწავლეები არიან გაერთიანებული, რომლებიც სწავლასთან ერთად სხვადასხვა, მათ შორის, ამერიკის საელჩოს „access” პროგრამებში მონაწილეობენ.

 

შეხვედრა მიზანად ისახავდა მათი პროფესიული არჩევანის ხელშეწყობასა და გრუნის გაცნობას.

 

უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა ანა აბესაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა, სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსმა მერი ლომიამ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს გააცნეს გრუნი, მისი სასწავლო გარემო, საგანმანათლებლო პროგრამები და წარმატებული პროექტები, შესთავაზეს თანამშრომლობა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება.

 

ანა აბესაძემ მოსწავლეებთან დროის მენეჯმენტზეც ისაუბრა და თავისი წარმატების ისტორიაც გააცნო.

 

მოსწავლეებმა ვიდეორგოლების მეშვეობით დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო ლაბორატორიები და ცენტრები.

 

შეხვედრაზე ტყიბულის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ზაზა გოჩელაშვილმა აღნიშნა, რომ ის ოფიციალური ვებგვერდისა და ფეისბუკის მეშვეობით იცნობს უნივერსიტეტს, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა და გამოთქვა უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი.

 

ტყიბულის განვითარების ფონდი (TDDF) დაარსდა 2006 წელს ჩეხური ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ მიერ და სხვა საკითხებთან ერთად მუშაობს ტყიბულის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო, კულტურული და ჰუმანიტარული პროექტებისა და აქტივობების განხორციელების, ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლებისა და სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე წვდომის უზრუნველყოფის მიმართულებით.

 

შეხვედრებს ესწრებოდნენ:

  • გულიკო გალდავა - უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე;
  • ზაზა გოჩელაშვილი - ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის დირექტორი;
  • გიორგი სულაძე - ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის წარმომადგენელი, ინტერპრესნიუსის ჟურნალისტი;
  • სოფიო სოფრომაძე და მაია თორთლაძე ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის (access) მასწავლებლები;.
  • ჟანა ერიქაშვილი ქუთაისის ამერიკული კუთხის ხელმძღვანელი .