გრუნიმ ორგანიზაცია „გლოუს“ მოსწავლეებს უმასპინძლა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნიმ ორგანიზაცია „გლოუს“ მოსწავლეებს უმასპინძლა


კვირას, 16 იანვარს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ორგანიზაცია „გლოუს“ (გოგონები – ჩვენი მსოფლიოს ლიდერები ) მოსწავლეებს უმასპინძლა.

 

შეხვედრა ონლაინფორმატით გაიმართა და მასში სხვადასხვა რეგიონიდან 30-მდე ლიდერული თვისებებით გამორჩეული და წარჩინებული მოსწავლე მონაწილეობდა.

 

შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსწავლეების პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობასა და გრუნის გაცნობას.

 

ღია კარის დღეს უძღვებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი ანი აბესაძე და სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსი მერი ლომია.

 

შეხვედრაში მონაწილეობდა გლოუკლუბების ხელმძღვანელი ხატია გელბახიანი.

 

მასპინძლებმა მოსწავლეებს გააცნეს უნივერსიტეტის ისტორია, სასწავლო პროცესი, საგანამანათლებლო და გაცვლითი პროგრამები, ისაუბრეს ფინანსური მხარდაჭერისა და იმ სხვადასხვა პროექტის შესახებ, რომელსაც გრუნი ახორციელებს მოსწავლეებისათვის. ასევე, ერთობლივი საზაფხულო ბანაკების ორგანიზების თაობაზე.

შეხვედრამ მოსწავლეების დიდი მოწონება დაიმსახურა და რამდენიმე მათგანმა იქვე გამოხატა დაინტერესება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტით.

 

შეხვედრის დასასრულს ანი აბესაძემ და მერი ლომიამ უპასუხეს მოსწავლეების შეკითხვებს.

 

თითოეულმა მოსწავლემ მიიღო ინფორმაციის ნაკრები და ვიდეორგოლები, რომლებიც თვალსაჩინოდ წარმოაჩენს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და საგანმანათლებლო პროცესს, აგრეთვე, უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ შეღავათებს.

 

ორგანიზაცია „გლოუს“ საქართველოს მასშტაბით 5 კლუბი აქვს დაარსებული და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში გენდერული თანასწორობის განვითარებასა და გოგონების გაძლიერებას მათში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების გზით. ერთკვირიანი საზაფხულო გლოუბანაკები აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ განსხვავებული ეკონომიკური მდგომარეობისა თუ ეთნიკური კუთვნილების 14–17 ასაკის გოგონებს.