დღეს გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღეა!
ეს დღე უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. გრიგოლ რობაქიძის ცხოვრებისა და შემოქმედების გახსენებით ახალგაზრდები პატივს მიაგებენ საქართველოსთვის გულანთებული მამულიშვილის ხსოვნას, რომლისთვისაც სამშობლო ეგზომ მშვენიერი და ტკბილი, ქართული ენა კი ეგზომ საოცარი და საცნაური რამ იყო, რომელთა ბადალიც მისთვის დედამიწის ზურგზე სხვა არა მოიპოვებოდა რა; ადამიანს, რომლის მთელი ცხოვრება სამშობლოსთვის ფიქრსა და დარდში გაილია და ბედუკუღმართობით საუკუნო განსასვენებელი სხვა ქვეყანაში ჰპოვა.
ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებმა გადაცემა „პრესკლუბი“ ამ დიდი მამულიშვილის ხსოვნას მიუძღვნეს და მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე სასაუბროდ მიიწვიეს უნივერსიტეტის პროფესორები, გრიგოლ რობაქიძის შემოქმედების მკვლევრები: პაატა ნაცვლიშვილი და ლალი ცომაია.