12 ოქტომბერს გაიმართა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და ახალგაზრდა მკვლევრების, დოქტორანტების შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორთან, პროფესორ ჯაბა სამუშიასთან.
გენერალურმა დირექტორმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები, ისაუბრა მიმდინარე და სამომავლო სახელმწიფო საგრანტო სამეცნიერო კონკურსების, საერთაშორისო პროგრამებისა და მეცნიერების განვითარების თანამედროვე გამოწვევების შესახებ. აკადემიურ პერსონალს გაუზიარა ფონდის მიერ შემუშავებული პროექტების შეფასების ახალი კრიტერიუმები და მოისმინა მოსაზრებები.
უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა სტუმარს გააცნეს მათ მიერ წარმოებული კვლევები და პროექტები, მადლობა გადაუხადეს შეხვედრის გამო, მოიწონეს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ფონდმა ბოლო პერიოდის განმავლობაში მიიღო და აღნიშნეს, რომ ამგვარი მიდგომა უდავოდ დაეხმარება აპლიკანტებს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გააქტიურებაში.
შეხვედრის დასასრულს ფონდის გენერალურმა დირექტორმა უპასუხა მეცნიერების შეკითხვებს.