გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი სასწავლო პროცესში დასავლური საგანმანათლებლო ღირებულებების დამკვიდრებითა და ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებთან აქტიური თანამშრომლობით სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მუდმივად სთავაზობს მრავალფეროვან გაცვლით პროგრამებსა და სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას და ამით წლების განმავლობაში განამტკიცებს საერთაშორისო თანამშრომლობის ტრადიციებსა და ინტერნაციონალიზაციის პროცესს.
სულ ახლახანს უნივერსიტეტის პარტნიორებს კიდევ ერთი - პოლონეთის უნივერსიტეტი Collegium Civitas-ი შეუერთდა, რომელთანაც უკვე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. Collegium Civitas-ი ერთ-ერთი მოწინავე და თანამედროვე უნივერსიტეტია, რომელიც 1997 წელს პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი პროფესორების ერთობლივი ძალისხმევით ქალაქ ვარშავაში დაარსდა. უნივერსიტეტის თითოეული დარგის საგანმანათლებლო ხარისხი აღიარებულია პოლონეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროსა და აკრედიტაციის კომიტეტის მიერ. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს აკადემიურ პროგრამებს, როგორც ინგლისურ და პოლონურ ენებზე, ისე ერთობლივ, ორენოვან პოლონურ-ინგლისურენოვან პროგრამებს შემდეგი ოთხი მიმართულებით: საერთაშორისო ურთიერთობები, სოციოლოგია, მენეჯმენტი, ჟურნალისტიკა და ახალი მედია.
ინგლისურ ენაზე შეთავაზებულ პროგრამებში არის ოცზე მეტი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა. უნივერსიტეტს მიწვეული ჰყავს პროფესორ-მასწავლებლები ცნობილი, წარმატებული უნივერსიტეტებიდან. აქ სწავლობს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩასული სტუდენტი.