დასრულდა სასწავლო წელი და სტუდენტების ნაწილი ტოვებს მშობლიურ უნივერსიტეტს, პირველკურსელები კი ერთგვარი განცდით ელოდებიან სტუდენტობის სიხარულს. როგორი იყო რთული და გამოწვევებით სავსე გასული სასწავლო წელი სტუდენტებისთვის, აბიტურიენტებისთვის და მოსწავლეებისთვის, როგორ აფასებენ ისინი უნივერსიტეტსა და სასწავლო პროცესს:
„აბიტურიენტობის პერიოდში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარების სურვილთან ერთად,ზუსტად ვიცოდი რომელ უნივერსიტეტში მსურდა ჩემი სტუდენტური წლების გატარება. ჩემი და გრუნის ინტერესები, როგორც ოთხი წლის წინ, დღესაც ძალიან ემთხვევა ერთმანეთს. რასაკვირველია, თავიდანვე ვიცოდი რა დიდ შესაძლებლობებს აძლევს ეს უნივერსიტეტი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს. შესაბამისად, ჩემი სურვილი, ვყოფილიყავი წარმატებული ჩემს მომავალ პროფესიაში, ამანაც განაპირობა.
უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა, ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში მესწავლა სრული დაფინანსებით, რაც ჩემი ცხოვრების მთავარი გამოცდილება იყო. Sciences Po Rennes-ის უნივერსიტეტში წარმატებით დავასრულე პოლიტიკური ფილოსოფიის ერთი სემესტრი, რამაც ჩემი ცოდნა სულ სხვა მიმართულებით გააღრმავა. ბუნებრივია, ამ გამოცდილების შემდეგ ჩემი მოტივაციაც გაიზარდა და ვაპირებ, საფრანგეთში გავაგრძელო სწავლა. მონდომებისა და შრომისმოყვარეობის შემთხვევაში, ცხადია, ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება“.
მარიამ ზარქუა - სამართლის საბაკალავრო პროგრამის 2021 წლის კურსდამთავრებული
უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს!
„გმადლობთ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ. თქვენი ძალისხმევა უდიდესი იყო და ძალიან ვაფასებ ამას. გმადლობთ დახმარებისთვის, ცოდნის გაზიარებისა და მხარდაჭერისთვის, ძალიან გამიმართლა რომ თქვენთან ურთიერთობის და თქვენი ლექციების მოსმენის საშუალება მომეცა. კიდევ ერთხელ გმადლობთ და წარმატებას გისურვებთ, ვიმედოვნებ კიდევ მომეცემა თქვენთან ურთიერთობის შესაძლებლობა“.
მეგი გვილავა - საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის საბაკალავრო პროგრამის 2021 წლის კურსდამთავრებული
„გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ჩემი ცხოვრებისა და საქმიანობის წარმატების საწინდარია, ამ უნივერსიტეტმა მომცა ყველაფერი, რასაც დღეს მივაღწიე. მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს თითოეულ ჩვენგანში ჩადებული დაუღალავი შრომისათვის. ვამაყობ, რომ ამ ოჯახის წევრი ვარ!“
თორნიკე მერებაშვილი - სამართლის სამაგისტრო პროგრამის 2021 წლის კურსდამთავრებული
„უნივერსიტეტში სწავლის წლები ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდად იქცა, რადგან ისეთი მიზნების მიღწევა შევძელი, რაზეც მანამდე მხოლოდ ვოცნებობდი. უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა ორ გაცვლით პროგამაში მიმეღო მონაწილეობა და მესწავლა პოლონეთისა და საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებში. მიმეღო ცოდნა და დიდი გამოცდილება, გავცნობოდი ამ ქვეყნების კულტურას, განათლებას, შემეძინა მეგობრები და მიმეღო ორმაგი დიპლომი.
უსაზღვროდ მადლიერი ვარ ჩემი უნივერსიტეტისა და მისი პროფესორ-მასწავლებლების“
ნიკა კოდიაშვილი - ბიზნესადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის 2021 წლის კურსდამთავრებული
„ყოველთვის მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის და ეს ახლა შევძელი, მიხარია... გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა აღმზარდა და ყველა თვისება: მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა, რწმენა, თავდაჯერებულობა და ადამიანების სიყვარული, რომელიც დიდი მიზნის მიღწევადაა საჭირო, სწორედ აქ შევიძინე. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ამისათვის და კვლავაც ახალი წარმატებისათვის ვიბრძოლო ჩემი ქვეყნისა და უნივერსიტეტის სასახელოდ!“
ბორენა ცერცვაძე - სამართლის სამაგისტრო პროგრამის მეორეკურსელი, ევროპის ჩემპიონი ძალისმიერ ორჭიდში
„გრუნიმ მომცა საშუალება მესწავლა ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ, პორტოს, უნივერსიტეტში და გავცნობოდი განსხვავებული სწავლების მეთოდებს, ვზიარებოდი ევროპულ განათლებას. მოცემული პროგრამა ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო, უნივერსიტეტის საერთაშორისო პრაქტიკა და პროფესორთა მიდგომა საერთაშორისო გაცვლით სტუდენტებთან გვაძლევდა მოტივაციას და გვეხმარებოდა პროფესიულ განვითარებაში. უნივერსიტეტი გამოირჩეოდა კვლევითი ცენტრებით და ლაბორატორიებით, რამაც სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილებაც შეგვძინა.
ვფიქრობ, ეს გამოცდილება სამომავლოდაც დიდ როლს შეასრულებს ჩემს საქმიანობაში და დამეხმარება კარიერულ განვითარებაში.
გურანდა თედეშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხეკურსელი.
„ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი ჩემს საყვარელ უნივერსიტეტში მოხვედრა იყო, პანდემიამ კი ბევრი რამ შეცვალა, იყო სირთულეები, მაგრამ მარტივად გადავლახე, რადგან ჩემი პროფესორ-მასწავლებლები ამისათვის დროსა და ენერგიას არ ზოგავდნენ, ნამდვილად დაუღალავად შრომობდნენ, რომ ჩვენ ხარისხიანი განათლება მიგვეღო და, მინდა გითხრათ, რომ გამოუვიდათ კიდეც, რადგან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ნამდვილად ბევრი რამ ვისწავლე...“
თინათინ ლობჯანიძე - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელი
„ეს არის სასწავლებელი, საიდანაც დაიწყო ჩემი წარმატება. ჯერ კიდევ მეათე კლასში ვიყავი, როდესაც უნივერსიტეტმა პროექტის „Teen Academy”-ის ფარგლებში მოგვცა შანსი საქართველოს პარლამენტში წარგვედგინა კანონპროექტი და მოგვეპოვებინა სასწავლო გრანტი, მიმაჩნია, რომ ეს არის უნივერსიტეტის ერთ-ერთი უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც ძალიან ბევრ მოზარდს გაუკვალა გზა მომავალი წარმატებისკენ.
პროექტის დასრულებისას, დაჯილდოების ცერემონიაზე უნივერსიტეტის რექტორმა თქვა, რომ თითოეული ჩვენგანი უკვე გამარჯვებულია და ეს ასეცაა.
მე ძალიან ვამაყობ ჩემი არჩევანით“.
მარიამ კაპანაძე - სამართლის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელი
„როგორც პირველკურსელი, საგანგებოდ ვემზადებოდი სტუდენტობისთვის. დაგეგმილი მქონდა უნივერსიტეტში მისვლა და იქ ყველას გაცნობა, თუმცა, შექმნილი ვითარების გამო, იმედი გამიცრუვდა და კურსელებიცა და პროფესორ-მასწავლებელებიც - googlemeet-ის მეშვეობით გავიცანი. ეს ჩემთვის უცნაური და მოულოდნელი იყო, მაგრამ როცა საქმე გადარჩენას ეხება, მივხვდი, რომ ონლაინსწავლება სულაც არაა დიდი დაბრკოლება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ნამდვილად სურს განვითარება. სულ რომ არაფერი, მთელი მსოფლიო ასეთ მდგომარეობაშია და ჩვენ ვეღარ გვისწავლია თანამედროვე სამყაროში თანამედროვე ტექნიკით?! ასე რომ, მთავარია პროფესიონალების გარემოში მოხვდე და სხვა დანარჩენი უკვე საკუთარ მონდომებაზეა დამოკიდებული“.
ლიზი ჩიმჩიური - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პირველკურსელი
„გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავირჩიე იმიტომ, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მას აქვს ყველაზე საინტერესო პროგრამა და პრაქტიკული კურსი, რომელიც, ვფიქრობ, დამეხმარება გამოცდილების მიღებაში. ხელმეორედ რომ ვირჩევდე, კვლავ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს ავირჩევდი, რადგან ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე და დავრწმუნდი, რომ აქ სწორედ ის გარემოა, რომელიც ნებისმიერი სტუდენტის გემოვნებას მოერგება“.
თაკო ხმიადაშვილი - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელი
„უნივერსიტეტის სწავლებით საკმაოდ კმაყოფილი ვარ. ისეთ სიტუაციაში, როგორშიც ახლა არის მსოფლიო, ვფიქრობ, უნივერსიტეტმა საკმაოდ სწრაფად მოახერხა რეაგირება და ადვილად გადაერთო იმ სტანდარტებზე, რაც ონლაინსწავლებას შეეფერება“.
თათია მექერიშვილი - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელი
„ეს ერთი წელი ალბათ ყველაზე ნაყოფიერი იყო ჩემს ცხოვრებაში...
საინტერესო ლექციები და პროექტები, იმიტირებული პროცესები და მსჯელობა ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ...
გამაოცა ამ პანდემიის დროს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აქტიურობამ და მოწესრიგებულობამ და, რაც თვალში საცემია, პროფესორებისა და სტუდენტების ურთიერთობამ. ამ პროექტებმა დამანახა, როგორია ეს უნივერსიტეტი, რამდენად საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობს სტუდენტი, როგორი გარემო და პროფესორ-მასწავლებლები ჰყავს მას.
მე ვაგრძელებ მეგობრობას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან!“
თამარ აქუბარდია - წალენჯიხის რაიონის ჭალეს საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი, უნივერსიტეტის მეგობართა კლუბის წევრი.
„გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან ორი წელია ვმეგობრობ, ვიცნობ მის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, უნიკალურ სასწავლო ლაბორატორიებს, მომწონს მისი არაორდინარული და თანამედროვე გარემო. ეს უნივერსიტეტი დამეხმარა შემერჩია ჩემთვის სასურველი სპეციალობა და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს თავს ამ გუნდის წევრად მივიჩნევ. დღემდე მახსოვს ის ემოცია, რაც უნივერსიტეტში შესვლისთანავე განვიცადე.
აქ სტუდენტი - ლიდერია, რექტორი კი სტუდენტების მეგობარი!“
ლიზი ბეგაშვილი, აბიტურიენტი
„გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან ურთიერთობა წარმატებული გამოდგა ჩემთვის, გავიმარჯვე ესეების კონკურსში და 30 %-იანი სასწავლო გრანტი მოვიპოვე.
როგორც გამარჯვებული, ჩემს ცხოვრებაში პირველად მოვხვდი ტელერადიოსტუდიაში და მათ გადაცემაში „პრესკლუბი“, სადაც, ჩემდა გასაკვირად, წამყვანები უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ, რომლებიც ნამდვილი ჟურნალისტებივით მუშაობდნენ. ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ აქ განვითარების რეალური შესაძლებლობაა, მუშაობენ ნამდვილი პროფესიონალები და სტუდენტებს იმთავითვე უვითარებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
ამიტომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ჩემი არჩევანია!“
სოფი ხუციშვილი, თბილისის 151-ე საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი
„ყველა პრობლემის მოგვარება მისი შესწავლით იწყება. სწორედ ეს იყო, რაც გააკეთა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა, მან მოსწავლეებს მოგვცა შანსი სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად გვესაუბრა იმ საკითხების შესახებ, რომლებსაც ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად აწყდება. ეს ის გამოცდილებაა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გამყვება, ამ ურთიერთობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი საუკეთესოა!“
თეკლა გოგიძე - თბილისის 115-ე საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი, უნივერსიტეტის მეგობართა კლუბის წევრი
„გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ყველა პროექტში ვმონაწილეობდი და გამოვარჩიე გრუნი იმიტომ, რომ აქ მხოლოდ დაპირებებს კი არ იძლევიან, არამედ გასწავლიან, გაცნობენ სპეციალობებს და გეცნობიან თავად, მეგობრულები და ყურადღებიანები არიან და ყოველივე ამის შემდეგ გადაწყვეტილება შენზეა!
მე პირველ და მეორე პრიორიტეტადაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავირჩიე! ეროვნული გამოცდებიც უკვე ჩავაბარე და ვიმედოვნებ, რომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდები!
ძალიან მინდა ამ გუნდის წევრი ვიყო!
იმედია გამიმართლებს ...“
ანა დავაძე, აბიტურიენტი